ახალი ამბები

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა

11 მაისი, 2016 • 3046
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა. ის დღეს ამ თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა “პირველი სტუდია” გასულ წელს, ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისას დახურა. მას სექტემბერში გამართულ საჯარო შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა განუცხადა, რომ პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიღებულ წერილში, რომელიც ჟურნალისტმა გამოაქვეყნა, წერია, რომ მიშველაძის მიერ წარმოდგენილი პროექტის თემატიკის მქონე გადაცემები მრავლად არის უკვე პირველი არხის ეთერში, ამიტომაც, “არ არის მიზანშეწონილი დამატებით, ცალკე პროექტის სახით მსგავსი ტიპის გადაცემის ჩაშვება”.

მიშველაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მას საზოგადოებრივ მაუწყებელთან უვადო კონტრაქტი აკავშირებდა. ტელეწამყვანის თქმით, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ამიტომ სასამართლოში აგრძელებს დავას.

მასალების გადაბეჭდვის წესი