ახალი ამბები

ვოლსკი: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის კეკლუცობის თემა

10 მაისი, 2016 • 1105
ვოლსკი: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის კეკლუცობის თემა

“ჩვენთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის კეკლუცობის თემა, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, გია ვოლსკიმ  “რესპუბლიკელებისა” და ნატოში ინტეგრაციის სკეპტიკოსების დაპირისპირების საკითხზე გააკეთა.

“ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ საინტერესოდ და წარმატებულად მიმდინარეობს. არსებობს მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური პროექტები, სადაც საქართველო ჩართულია და არსებობს ძალიან საინტერესო მიმართულებები, რომელშიც მხარს გვიჭერენ, რაც თუნდაც  პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტმაც დაადასტურა. არსებობს ცალკეული სკეპტიკური გამონათქვამები.”

გია ვოლსკის თქმით, “ქართული ოცნებიდან” ვინმეს გარიცხვა ამ პარტიის საქმეა და არა სხვა პარტიების:

“ყველამ თავის პარტიას მიხედოს. ჩვენ სწორ დასკვნებს და სწორ კომენტარებს გავაკეთებთ.”

კითხვას, ეთანხმება თუ არა თამაზ მეჭიაურის პოზიციას, რომ ნატოში ინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ვოლსკი პირდაპირ პასუხს არ სცემს და ამბობს:

“პოლიტიკური სპეკულაციების ფონია შექმნილი, რეფერენდუმთან დაკავშირებით ვიცი გარკვეული შედეგები, ხედვები, უამრავი ადამიანი, რომელიც თავის მოსაზრებასაც გამოხატავს, მაგრამ მთავარია საზოგადოებას სწორი განწყობა მივაწოდოთ. ჩვენთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის კეკლუცობის თემა, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს [ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის] გადაწყვეტილებები მიღებულია და ყველაზე კარგი რეფერენდუმი იქნება საარჩევნო ყუთი, სადაც საზოგადოება თავის პოზოციებს გამოხატავს.”

9 მაისს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტია “ქართული ოცნების” წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას. მანამდე, 7 მაისს მან თქვა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეა დაგეგმილი, საშიშია.

ასევე, მეჭიაურმა 22 აპრილს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნატოში ინტეგრაციას მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს.

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი პარტიის სახელით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, პარლამენტის ზოგიერთი წევრი სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით და მისი რეპუტაციისათვის საზიანო განცხადებებს აკეთებს. ამის შესახებ მან 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი