ახალი ამბები

რას გულისხმობს ოპოზიციის მიერ ინიცირებული საარჩევნო სისტემის “გერმანული მოდელი”

10 მაისი, 2016 • 3871
რას გულისხმობს ოპოზიციის მიერ ინიცირებული საარჩევნო სისტემის “გერმანული მოდელი”

რას გულისხმობს ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილების თვალსაზრისით ერთ-ერთ უმთავრეს სათადარიგო ვარიანტად განიხილავს?

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემის შეცვლასა და მაჟორიტარული კომპონენტის წელსვე გაუქმებაზე უარი საბოლოოდ უთხრა, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიები არსებულ კონსტიტუციურ ჩარჩოში იმგვარი მექანიზმების მოფიქრებას ცდილობენ, რომელიც მათი თქმით, არჩევნებში მიღებული ხმებისა და მანდატების თანაბრობას უზრუნველყოფს. მართალია, მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმების წინადადება ოპოზიციას პარლამენტში ინიცირებული აქვს, თუმცა ხელისუფლების წინააღმდეგობის პირობებში შანსი იმისა, რომ ეს სისტემა წელსვე შეიცვლება, ნაკლებია, რადგან კანონპროექტს მხარი საკონსტიტუციო უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს.

სისტემა, რომელიც “ხმებს იპარავს”

ერთ-ერთი ასეთი ყველაზე რეალური სათადარიგო ვარიანტი, ოპოზიციის აზრით, ე.წ. გერმანული მოდელია, რომელსაც ახალი მემარჯვენეების ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილება და, შესაბამისად, პარლამენტში 113 ხმის მობილიზება არ სჭირდება. საუბარია იმაზე, რომ შეიცვალოს არა მთლიანად ამჟამად არსებული შერეული, მაჟორიტარულ/პროპორციული სისტემა, არამედ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის გზით გადაიხედოს მანდატების გადანაწილების დღეს არსებული მექანიზმი იმ მოდელით, რომელიც გერმანიაში მოქმედებს.

მამუკა კაციტაძის თქმით, მაჟორიტარული და პროპორციული კომპონენტის პარალელურ რეჟიმში არსებობის მოქმედი სისტემა “მანდატებს იპარავს” და ეხმარება გამარჯვებულ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ყველაზე მეტ ხმას იღებს და, შესაბამისად, მაჟორიტარულ ოლქებსაც იგებს. ამის საილუსტრაციოდ იგი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, კონკრეტულად კი თბილისის საკრებულოს არჩევნებს ასახელებს.

საკრებულოს არჩევნები, საპარლამენტოს მსგავსად, შერეული პრინციპით ტარდება. პარლამენტის შემთხვევაში ამომრჩეველს ორი ბიულეტენის შემოხაზვა უწევს: ერთით ის ირჩევს მისი ოლქის მაჟორიტარს, ხოლო მეორეთი – პროპორციული წესით ირჩევს პარტიას, რომელმაც სურს, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. მაჟორიტარული წესით პარლამენტში აირჩევა 73 დეპუტატი, ხოლო პროპორციულითი – 77. თბილისის საკრებულოს შემთხვევაში პროპორციულით და მაჟორიტარულით 25-25 წევრს ირჩევენ.

2014 წელს თბილისში “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული წესით უმრავლესობა ვერ მოიპოვა და ხმების 46% აიღო, ანუ არჩევნები რომ მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებულიყო, 50-მანდატიან საკრებულოში 23 დეპუტატს შეიყვანდა. დღეისათვის მოქმედ შერეულ სისტემაში მან პორპორციული სისტემის ქვოტით გათვალისწინებული  25 მანდატის  46% ანუ 13 ადგილი დაიკავა, თუმცა, ამავდროულად, 25 მაჟორიტარული ოლქიდან  24-ში გაიმარჯვა და საკრებულოში 37 წევრით შევიდა, რაც, ჯამში, 50-ადგილიან სათათბირო ორგანოში  74%-იან უმრავლესობას ნიშნავს.

მამუკა კაციტაძის თქმით, სწორედ აქაა პრობლემა, როდესაც რეალურად 46%-იანი საერთო მხარდაჭერის მქონე ძალა საარჩევნო სისტემის წყალობით ახერხებს მანდატების 74%-ის მოპოვებას.

ე.წ. გერმანული მოდელი

ოპოზიცია აცხადებს, რომ უფრო სამართლიანი იქნება, თუ არჩევნებში მიღებული ხმებისა მანდატების თანაბრობის უზრუნველყოფა მოხერხდება. ამისათვის, პარტიების დიდი ნაწილისა და არასამთავრობოების აზრით, მთლიანად უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული კომპონენტი. მართალია, ამ მოსაზრებას მმართველ გუნდშიც იზიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს არა წელს, არამედ 2020 წლისთვის უნდა მოხდეს. მიღებული ხმებისა და მანდატების პროპორციულობის თანაბრობის მიღწევის მიზნით ოპოზიციის ერთ-ერთი ალტერნატივა ე.წ. გერმანული მოდელია, ანუ სისტემა, რომელიც გერმანიაში მუშაობას.

მამუკა კაციტაძის თქმით, მათი წინადადების მიხედვით არსებული კონსტიტუციური რეალობა, ანუ 77 პროპორციული, ხოლო 73 მაჟორიტარული მანდატი რჩება, თუმცა იცვლება მანდატების განაწილების მექანიზმი. თუ საარჩევნო სუბიექტი არჩევნებში პროპორციული წესით პირობითად ხმების 40%-ს აიღებს, ჯამში, [როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული თვალსაზრისით] მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ამ რიცხვთან. ანუ ის, თუ რამდენი ადგილი შეხვდება პარტიას პარლამენტში, დიდწილად დამოკიდებული იქნება მის მიერ პორპორციული სისტემით მიღებულ ხმებზე. მაგრამ პარლამენტში ადგილებს, პირველ რიგში, დაიკავებენ გამარჯვებული მაჟორიტარები, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო სუბიექტს პროპორციული წესით არჩევნების შედეგების მიხედვით უფრო მეტი მანდატი ეკუთვნის, ვიდრე გამარჯვებული მაჟორიტარი ჰყავს, დარჩენილ მანდატებს უკვე მის საარჩევნო სიაში მყოფი პოლიტიკოსები შეავსებენ. თბილისის საკრებულოს არჩევნები ამ სისტემის პირობებში რომ ჩატარებულიყო, გამოდის, რომ “ქართული ოცნება” დაახლოებით მის მიერ მოგებულ 14 მანდატს “დაკარგავდა”. სად წავა ეს დაკარგული მანდატები? – ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვარიანტით ეს მანდატები პარლამენტში შესულ სხვა პარტიებზე უნდა გადანაწილდეს პროპორციულად.

მაგრამ თეორიულად შესაძლებელია, რომ პარტიას არჩევნების დასრულების შემდეგ უფრო მეტი გამარჯვებული მაჟორიტარი ჰყავდეს, ვიდრე იმ მანდატების რაოდენობაა, რომელსაც ის  პროპორციული წესით პროცენტულად დაიმსახურებს. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? როგორც ირკვევა, შესაძლოა მივიღოთ ვითარება, როდესაც პოლიტიკური პარტია საარჩევნო სიიდან ერთ კანდიდატსაც კი ვერ გაიყვანს და მის მანდატებს მხოლოდ ამ პარტიის სახელით გამარჯვებული მაჟორიტარები დაიკავებენ.

“ყველა გამარჯვებულ მაჟორიტარს შეიყვანს პარლამენტში. პროპორციული სიიდან აღარავინ დაემატება და დარჩენილი ხმები გადანაწილდება  ყველა დანარჩენზე გარკვეული პროპორციების მოკლების თვალსაზრისით. ანუ  გარკვეულწილად ცოტ-ცოტა [პროცენტები] გამოაკლდებათ სხვა პარტიებს. პირობითად, თუ საარჩევნო სუბიექტმა  მიიღო ხმების 40% [რაც ამ სისტემის მიხედვით 150-ადგილიან პარლამენტში 60 მანდატს ნიშნავს], მაგრამ მოიგო 73-ივე მაჟორიტარული ოლქი… 73 მაჟორიტარი საერთო მანდატების რაოდენობის დაახლოებით 48%-ია. ეს 48 პროცენტი მას დარჩება, ანუ 8 პროცენტი მას დაემატება და ეს ნამატი 8% გადანაწილდება სხვებზე მოკლების თვალსაზრისით. ანუ თანაბრად მოაკლდებათ სხვებს ეს 8%”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე ზემოხსენებული კითხვის საპსაუხოდ.

გერმანიისგან განსხვავებით, სადაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების მაქსიმალური ოდენობა შეიძლება შეიცვალოს ხმებისა და მანდატების რაოდენობის მაქსიმალურად თანაბრად გადანაწილებისათვის, როგორც ხედავთ, საქართველოს შემთხვევაში თეორიულად არსებობს შანსი, რომ 100%-ით მსგავს თანაბრობას არც ეს მოდელი უზრუნველყოფს. კაციტაძის თქმით, სხვაობა შეიძლება იყოს მცირე და არა 25-30%, რაც დღევანდელ სისტემაში არსებობს. გერმანიისგან განსხვავებით საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პარლამენტში მხოლოდ 150 მანდატი არსებობს. კაციტაძის თქმით, ეს გარემოება ამ სისტემის საქართველოში დანერგვას ხელს არ უშლის, რადგან მათ შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება და ნახეს, რომ ზუსტად ანალოგიური სიტუაცია არსებობს შოტლანდიასა და ბოსნია ჰერცოგოვინაში.

ვინ დაუჭერს მხარს?

ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე კონსულტაციებს აგრძელებს და მის პარლამენტში ინიცირებას სავარაუდოდ ამ კვირაში გეგმავს. თუ კანონპროექტი ისე იქნება ჩამოყალიბებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ დასჭირდება, საჭირო იქნება მხოლოდ 76 და არა 113 [საკონსტიტუციო უმრავლესობა] დეპუტატის მხარდაჭერა.

საზოგადოებისთვის ცნობილია მმართველი გუნდის დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე. მათი პოზიციაა, რომ მაჟორიტარული სისტემა მთლიანად გაუქმდეს ოღონდ არა წელს, არამედ 2020-ში. უშუალოდ “გერმანული მოდელის” საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ მათი კომენატრები ასეთია:

“მაშინ, როცა უკვე არჩევნების თარიღი გამოცხადებულია… მე მგონი, ყველანი შევჯერდით, რომ სისტემა არის ისეთი, ბევრს მოსწონს, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ როგორიც არის, არის ისეთი. ჩვენ ძალიან მასშტაბური ცვლილებები გავაკეთეთ საარჩევნო კოდექსში, ოლქების გამოთანაბრების ხარჯზე მივიღეთ სულ სხვა ტიპის რუკა”, – თქვა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორების ლიდერმა და უმრავესლობის წევრმა.

“სისტემური ცვლილებები [არჩევნებამდე] რამდენიმე თვით ადრე რადმენად სწორი და სამართლიანია? იქნებ ასე დაგვესვა საკითხი. რატომ გვავიწყდება, რომ ასეთ თემებზე მოსახლეობასაც ვკითხოთ ხოლმე აზრი. რას მიიჩნევენ ისინი უფრო სამართლიანად? რომელი მოდელი სურთ. ხომ არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუნდაც სახელისუფლებო ჯგუფმა, ერთიპროვნულად გადაწყვიტოს, როგორი მოდელი ურჩევნია ისე, რომ არ ვკითხოთ ხალხს”, – აცხადებს ეკა ბესელია.

თეორიულად ოპოზიციამ ზემოხსენებული მოდელის დანერგვა შესაძლოა მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშეც შეძლოს, თუ საპარლამენტო უმრავესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების ხმების მობილიზებასა და პლუს რესპუბლიკელების ფრაქციის 10 წევრის მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებენ. ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში 82 დეპუტატი ერთიანდება რესპუბლიკელების ჩათვლით. თუ ამ კონკრეტულ საკითხზე უმრავლესობას მათი ხმა გამოაკლდება და ოპოზიციას მიემატება, გამოდის, რომ ოპოზიციას 78 ხმა ექნება, უმრავლესობას კი – 72. ამ შემთხვევაში საკითხავია, რამდენად შეძლებენ ისინი უმრავლესობის გარეთ მყოფი ყველა დეპუტატის მიმხრობას, მათ შორისაა კობა დავითაშვილი, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში აღარ მონაწილეობს. ასევე უმრავლესობის გარეთაა “მწვანეთა” ლიდერი გია გაჩეჩილაძე.

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმებას. ამ საკითხზე ისინი იზიარებენ ოპოზიციის მოსაზრებასაც იმის შესახებ, რომ მაჟორიტარული სისტემა წელსვე უნდა გაუქმდეს და მხარს უჭერენ მმართველი გუნდის ინიციატივასაც ამ სისტემის 2020 წლის შეცვლის შესახებ. თუმცა, თუ აღმოჩნდება, რომ პარლამენტში საკმარისი ხმების არარსებობის გამო ეს ორივე საკონსტიტუციო ინიციატივა ჩავარდება, ასეთ შემთხვევაში “გერმანული მოდელი” რესპუბლიკელებისათვის “საინტერესოა”.

“კონსტიტუციით სისტემის ცვლილება გაცილებით უფრო მყარი შედეგია, ვიდრე საარჩევნო კოდექსის ცვლილება, თუმცა თუ ეს პარლამენტში ვერ მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, გერმანული მოდელი საინტერესოა. საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე იძლევა იმ შესაძლებლობას, რომ ამ ხელისუფლებამ და პარლამენტმა შეასრულოს საკუთარი საარჩევნო დაპირება, რაც ეხება მრავალპარტიულობას და მრავალფეროვნებას პოლიტიკურ სპექტრში”, – გვითხრა თამარ კორძაიამ რესპუბლიკელების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი