ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი: ყველა ხედავს, რომ ჩვენთან ადამიანები დემოკრატიის პირობებში ცხოვრობენ

10 მაისი, 2016 • 1787
ალიევი: ყველა ხედავს, რომ ჩვენთან ადამიანები დემოკრატიის პირობებში ცხოვრობენ

“აზერბაიჯანში ჩამოსული ადამიანები საკუთარი თვალით ხედავენ, რომ ბაქო მსოფლიოს ერთ-ერთი ლამაზი ქალაქია. ხედავენ, რომ აზერბაიჯანში ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ, დემოკრატიის პირობებში. აზერბაიჯანში დაცულია ადამიანის უფლებები, უზრუნველყოფილია თავისუფლება”.

აზერბაიჯანში კეთილდღეობისა და დემოკრატიის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის დაბადების 93-ე წლისთავისა და ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისთვის მიძღვნილ მიღებაზე ისაუბრა.

“ჩვენი საერთაშორისო პოზიციები მნიშვნელოვნად გამყარდა. დღეს აზერბაიჯანს საერთაშორისო საზოგადოება კარგად იცნობს და დიდი სიმპათიით არის განწყობილი ჩვენ მიმართ”.

თუმცა ალიევი ამბობს, რომ ბინძურ, ცილისმწამებლურ კამპანიას აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთი და მისი მოკავშირეები მსოფლიოში აწარმოებენ:

“ასეთ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მსოფლიომდე უნდა მივიტანოთ ჩვენი სიმართლე და რეალური სიტუაცია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით დიდი სამუშაო ტარდება. ხალხი, რომელიც აზერბაიჯანს სტუმრობს საერთაშორისო ღონისძიებების დროს, საკუთარი თვალით ხედავს, რომ აზერბაიჯანი არის თანამედროვე ქვეყანა, რომელიც ვითარდება. ყველაფერი, რაც გაკეთდა, ხალხის დამსახურებაა აზერბაიჯანის პოლიტიკის წყალობით. აზერბაიჯანს არავინ დახმარებია, არავინ ეხმარება და არც დაეხმარება. და ამის აუცილებლობა არც დგას. ჩვენი ინიციატივები, რომლებიც რეგიონულ თანამშრომლობას უკავშირდება, არა მხოლოდ ჩვენ, მეზობელ ქვეყნებსაც აძლიერებს”.

აზერბაიჯანში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული რთული სიტუაცია მსხვილი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებსა და ცალკეულ განცხადებებშიც აისახება. აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი აქტუალური განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა, – ეტაპობრივად, ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ბრალდებით ის უფლებადამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში ამხელდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი