ახალი ამბები

“გორი არ არის წითელი” – სამოქალაქო აქტივისტების პასუხი სტალინიზმს [ვიდეო]

9 მაისი, 2016 • 3126
“გორი არ არის წითელი” – სამოქალაქო აქტივისტების პასუხი სტალინიზმს [ვიდეო]

“გორი არ არის წითელი” – ამ სლოგანით საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით დღეს, 9 მაისს გორში რამდენიმე ღონისძიება იმართება ევროპის დღეების ფარგლებში.

„ჩვენი კამპანიით ვამბობთ, რომ პრორუსული იდეებისა და ძალებისთვის ადგილი გორშიც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 9 მაისს ვხედავთ მათ აქტივობებს წითელი დროშების თანხლებით, მიგვაჩნია, რომ ეს თავს მოხვეული ინიციატივაა, რომელიც საზოგადოების რეალურ განწყობებს არ ასახავს. გვჯერა, რომ დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება ყველა პოლიტიკური ძალისა თუ პროფესიის წარმომადგენელს აერთიანებს. ჩვენი კამპანიაც სწორედ ამ იდეის ხორცშესხმაა – ჩვენ უარს ვეუბნებით ტოტალიტარულ რეჟიმებს და ვირჩევთ პროგრესს,“– ამბობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

ამ კამპანიის ფარგლებში გორის უნივერსიტეტში პროფესორი ბონდო კუპატაძე წარდგა მოხსენებით – „ტოტალიტარიზმის პოლიტიკური ასპექტები“. დღესვე გაიმართა NIMD-ის მხარდაჭერით მომზადებული წიგნის “13 მითი სტალინის შესახებ” პრეზენტაცია, რომლის ერთ-ერთი ავტორი კუპატაძეცაა.

“ჩვენი დღევანდელი ლექცია, ერთი მხრივ, არის შეჯამაება ჩვენი საჯარო ლექციების კურსისა, რომელიც ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის მხარდამჭერი ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული. ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: გორში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ვატარებთ ლექციებს. მეორე მხრივ, ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი, რადგან დღევანდელ ლექციაზე შედგა წიგნის პრეზენტაცია. ეს წიგნი არის საზოგადოებაში ტოტალიტარული საბჭოთა კავშირის შესახებ არსებული მითების ნგრევის მცდელობა. ამ მითების შესახებ, საბედნიეროდ, საზოგადოება ინფორმირებულია, საბჭოთა სტერეოტიპები ირღვევა და იცვლება. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს იმავე რუსული რბილი ძალის პროპაგანდასთან დაკაშირებით, განსაკუთრებით სენსიტიურია საქართველოში, რადგან ხშირ შემთხვევაში უცნაური ნოსტალგია და დამოკიდებულება სტალინის მიმართ ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში კვლავაც არსებობს. ამის შეცვლა განათლებით, მეტი ინფორმირებით იქნება შესაძლებელი. როცა ადამიანებს სტალინის მოღვაწეობის და საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ, ისინი მიხვდებიან, რომ სირცხვილია ეთაყვანებოდე სტალინს. ეს იყო მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური დამნაშავე. მისი ადგილი არის ჰიტლერის, მუსოლინის და სხვა ტოტალიტარული მმართველების გვერდით. ძალიან ბევრმა ქვეყანამ დასვა ტოლობის ნიშანი ნაციზმსა და ბოლშევიზმს შორის. აქაც აუცილებლად უნდა დაისვას ტოლობის ნიშანი და გასამართლდეს კომუნიზმი და საბჭოთა სისტემა. ვისურვებდი, რომ ეს მხოლოდ ისტორიის ნაწილი და ისტორიკოსების კვლევის საგანი ყოფილიყო, მაგრამ ასე არ არის: ის ჩვენს ყოველდღიურობასა და მომავალზე მოქმედებს. ჩვენი მოტივაციაც უნივერსიტეტებში ლექციების ჩატარებასთან დაკავშირებით სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ რეალური ინფორმაცია და არ გამოუვიდეს რუსულ რბილ ძალას სტალინისტურ სენტიმენტებზე თამაშის პროექტი”, – გვითხრა პროფესორმა ბონდო კუპატაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილიც, რომელმაც აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

“ცხონებული მამაჩემი სტალინის საზოგადოების თავმჯდომარე იყო. ერთ-ერთი ჟურნალისტი მეკითხებოდა, თქვენც სტალინელი ხართო? მე არ ვარ სტალინელი, მე ინჟინერიი ვარ. მე სპეციალურად ვჯდებოდი ბიბლიოთეკებში, რომ როგორმე გამეჭრა ის არგუმენტები, რომელსაც ის ადამიანი წამოაყენებდა ხოლმე”, – თქვა ქალაქის მერმა.

“ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ გორი არ არის წითელი. გორში არის სხვა საზოგადოებაც, რომელიც სხვა ღირებულებებზეა ორიენტირებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აკლია განათლება საბჭოთა სისტემის შესახებ და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ლექცია საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ გაგკვეთებინა ზუსტად იმ დროს, როდესაც ქუჩაში წითელი დროშებით კომუნისტების მსვლელობა იყო. ზუსტად ამით ვუპასუხეთ: აკადემიურ სივრცეში უფრო მეტად მომავალზე ორიენტირებული ტექსტებით. გორში არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც საბჭოთა რეჟიმთან მიმართებაში სენტიმენტებით არიან  განწყობილი. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ირჩევენ პროგრესს, დემოკრატიულ ღირებულებებს. ასეთები აქ ძალიან ბევრნი არიან”, – ამბობს კატო ქოთოლაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი და საინიციატივო ჯგუფის წევრი.

“ტოტალიტარიზმი კლავს და ჩვენ ვირჩევთ პროგრესს. ამის სათქმელად დღეს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია პროფესორ ბონდო კუპატაძის მონაწილეობით და ეს ლექცია დაემთხვა სწორედ იმ დროს, როდესაც კომუნისტური პარტიის წევრები საბჭოთა კავშირის სიმბოლიკის გამოყენებით მართავდნენ აქციას. ჩვენ განათლების გავრცელებით ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას საქართველოში და ვთვლით, რომ მსგავსი საჯარო ლექციებით და იმ ლიტერატურით, რომელიც დღეს გავრცელდა ჩვენი ლექციის ფარგლებში, შეგვიძლია მომავალ თაობას მივცეთ საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიიღონ”, – გვითხრა გვანცა დოლუაშვილმა, სამოქალაო აქტივისტმა და ღონისძიებათა სერიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

 

დღესვე, 
19:00 საათზე გორის კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ გაიმართება აქცია/კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ბენდები: LOUDspeakers,Vanilla Cage,  „დაგდაგანი“ და „კანუდოსი“.

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით “კომუნისტურის პარტიის” ორგანიზებით გორის ცენტრში მსვლელობა გაიმართა. დემონსტრანტები სტალინის მუზეუმიდან მსვლელობით მივიდნენ ქალაქის მერიამდე.

“დიდება დიდ სტალინს,” – ასეთია მსვლელობის მონაწილეების ძირითადი სლოგანები, ისინი გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვდნენ.

“კომუნისტების” თქმით, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ “ნეიტრალურ საქართველოსთან” ერთად ბლოკში გაერთიანებით და მათი საერთო მაჟორიტარი კანდიდატი გორში იქნება ვალერი კვარაცხელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი