ახალი ამბები

საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გაერთიანებული ორგანიზაციების გეგმები

9 მაისი, 2016 • 3861
საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გაერთიანებული ორგანიზაციების გეგმები

17 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა პლატფორმამ “დაიცავი თავისუფლება” აშშ-ში პარტნიორ Revolution Messaging-ის დახმარებით შექმნა “ლიბერთი ჯორჯია”, რომლის მიზანი საქართველოსა და აშშ-ში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

“რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია საქართველოში: წყაროები და გამოწვევები” – ამ სახელწოდებით პლატფორმის მიერ ორგანიზებული კონფერენცია დღეს, 9 მაისს სასტუმრო “რუმსში” მიმდინარეობს. მას Revolution Messaging-ის წარმომადგენელი, სკოტ გუდსტეინიც ესწრება.

კონფერენციაზე საუბრობენ თემებზე: ანტიდასავლური პროპაგანდა ქართულ მედიაში, ქართული მართლმადიდბელი ეკლესია და რუსული ნარატივი, რუსული პროპაგანდა და ანტიდასავლური ინსტიტუტები, ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში და ა.შ.

 

რას გეგემავს “ლიბერთი ჯორჯია”?

 

პლატფორმის წარმომადგენელმა, “ტაბულას” დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა კონფერენციაზე ისაუბრა პრორუსული პროპაგანდის გავრცელების საშუალებებსა და იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმასაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გეგმავს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოში რუსულ პროპაგანდას სამი ძირითადი დასაყრდენი აქვს. მისი თქმით, ესენია მითები:  “პუტინი დაუმარცხებელია”, “საქართველოს ეკონომიკური გადარჩენის გზა რუსეთზე გადის” და “პუტინი ქრისტიანული მორალის მცველია, დასავლეთი კი გაიძულებს, გახდე გეი”.

რაც შეეხება პროპაგანდის საშუალებებს, ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ არა მხოლოდ რუსულენოვანი მედიასაშუალებები, როგორის არის Russia Today ან НТВ, არამედ ადგილობრივი მედიის ნაწილიც.

გარდა მედიისა, ჩერგოლეიშვილმა ისაუბრა, რომ რუსული პროპაგანდის გავრცელების საშუალებებია პოლიტიკური პარტიებიც, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსი და ნინო ბურჯანაძის პარტია, რომლებიც რუსულ მესიჯებს ახმოვანებენ.

ასევე, ჩერგოლეიშვილის თქმით, რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი საშუალებაა თვითგამოცხადებული სამოქალაქო უფლებების ჯგუფები და სამღვდელოება.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსული პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია,”- აღნიშნა მან.

ჩერგოლეიშვილმა ასევე ისაუბრა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს ახლანდელი მთავრობის როლზეც – “სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას დიდი წვლილი შეაქვს რუსული პროპაგანდის წარმატებაში,”- აღნიშნა მან.

თამარ კინწურაშვილი (MDF), სკოტ გუდსტეინი (Revolution Messaging) და თამარ ჩერგოლეიშვილი (ტაბულა) კონფერენციაზე "რუსული პროპაგანდა საქართველოში". 09.05.2016

თამარ კინწურაშვილი (MDF), სკოტ გუდსტეინი (Revolution Messaging) და თამარ ჩერგოლეიშვილი (ტაბულა) კონფერენციაზე “რუსული პროპაგანდა საქართველოში”. 09.05.2016

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოზიციაა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი. როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს,  “ქართული ოცნება” ლეგიტიმაციას უკეთებს პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს; აფინანსებს და აქებს პრორუსულ მედიას, (მაგალითად, ჩერგოლეიშვილმა გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია “ასავალ-დასავალთან” მიმართებით); დევნის პროდასავლურ მედიასა და ოპოზიციას; საუბრობს რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტის გასვლის აუცილებლობაზე. ასევე, ჩერგოლეიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, გოგი თოფაძე და თამაზ მეჭიაური ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ, რაც აბნევს მოსახლეობას, რადგან პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი აქვს.

“ტაბულას” დირექტორის თქმით, ამ პროპაგანდას კოორდინირებული მოქმედებით უნდა დაუპირისპირდნენ, რაც მოიცავს აკადემიურ სივრცეში, მედიასა და მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებით კამპანიის ჩატარებას.

კერძოდ, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნივერსიტეტებსა და სკოლებში მოეწყობა საჯარო ლექციები  და დისკუსიები, იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა.

ასევე, იგეგმება მედიაკამპანიის ჩატარებაც ყველა იმ მაუწყებლის დახმარებით, რომლებიც ამის სურვილს გამოთავამენ. ჩერგოლეიშვილის თქმით, რუსთავი 2 უკვე ჩაერთო ამ კამპანიაში.

“ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითია, რომ რუსეთი ჩვენი სულიერი ძმაა, ვინაიდან მართლმადიდებლები არიან. ჩვენ გვინდა, მოვამზადოთ მოკლე ვიდეორგოლები იმის შესახებ, თუ რამდენი ეკლესია დაანგრიეს რუსებმა საბჭოთა კავშირის პერიოდში, როგორ მდგომარეობაშია ქართული ეკლესიები აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე, რამდენი სულიერი ლიდერი მოკლეს საბჭოთა პერიოდში,”- აღნიშნა მან.

გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში იგეგმება მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები და მათთან საუბარი. ჩერგოლეიშვილი ასევე ამბობს, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით შექმნიან ორგანიზაციათა ქსელს, რომლებიც იმუშავებენ რუსული პროპაგანდის გამოვლენაზე. ასევე, გააძლიერებენ უკვე არსებულ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ებრძვიან რუსულ პროპაგანდას. 

 

კამპანიის იდეისა და მისი დაფინანსების წყაროების შესახებ

 

პლატფორმის “დაიცავი თავისუფლება” წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ ამ პროცესში ლიდერი ორგანიზაცია არის ტელეკომპანია “ტაბულა”, ხოლო “ლიბერთი ჯორჯიას” დაარსების იდეა ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობით გაჩნდა.

კამპანიის დასაფინანსებლად, ხოშტარიას განცხადებით, გამოყენებული იქნება Crowdfunding (ხალხის მიერ გაღებული თანხებით კონკრეტული პროექტების დაფინანსება).

“აქამდე ჩვენ გვაქვს გარკვეული დონორების მხარდაჭერა, თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება Crowdfunding. ამ პროცესში მათ შორის დაგვეხმარება revolution messaging, რომელსაც აქვს ამის გამოცდილება. Croudfunding  იქნება მათ შორის ამერიკაში,  – ამერიკის პოტენციალი ამ კუთხით არის ძალიან დიდი. ანუ, პატარა სეგმენტში Croudfunding ამერიკაში შეიძლება ძალიან დიდი რესურსი იყოს ჩვენთვის,” – ამბობს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, პრორუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებულ პრობლემებს იცნობდეს ამერიკული საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა.

“რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებაში სხვანაირად მუშაობს პრორუსული პროპაგანდა, მაგრამ, არსებითად არის ერთი და იგივე. თან ეს პროპაგანდა არის არა უბრალოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ ფასეულობების პრობლემაა. ჩვენ როგორც ვხედავთ, ევროპაში ეს რადიკალური ძალების მომძლავრებას, ევროკავშირის დისკრედიტაციას უწყობს ხელს. ამერიკაშიც მსგავსი პროცესებია, რადიკალურ ძალებს, ქსენოფობიურ პროცესებს უწყობს ხელს. ჩვენთანაც არის იგივე. ამიტომ,ეს არის საერთო გამოწვევა, ამიტომ ჩავთვალეთ ჩვენ, რომ ძალიან მნიშვნელოანია, ეს იყოს კონსოლიდირებული პროცესი და საქართველომ იპოვოს საფუძველი ამერიკაში, რომ ყურადღება მიიპყროს,”- ამბობს ხოშტარია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კონფერენცია "რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია საქართველოში, საფრთხეები და გამოწვევები". 09.05.2016

კონფერენცია “რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია საქართველოში, საფრთხეები და გამოწვევები”. 09.05.2016

მისივე თქმით, საქართველოში კამპანიამ უკვე დაიწყო კონკრეტული აქტივობები და მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ამ კამპანიას ხელი არ შეუშალოს:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება იყოს ამ პროცესში არა ხელის შემშლელი, არამედ მოკავშირე, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს საერთო გამოწვევაა. სამწუხაროა, რომ ხელისოფლება ასე აქამდე არ იქცეოდა, არა მარტო ჩვენ კამპანიასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, ასავალ-დასავალის მხარდაჭერა იქნებოდა ეს, ობიექტივზე განთავსებული რეკლამები თუ მეჭიაური – თოფაძის მიერ გაკეთებული პერიოდული განცხადებები, ეს სამწუხაროდ, ხელისუფლება ატარებს პასუხისმგებობას იმ პრორუსულ განწყობებთან დაკავშირებით, რაც შეიცვალა, გარკვეულწილად საზოგადოებაში,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი