პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია.

ბესელია: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლი დაწესდება

დღეს, 9 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და მისგან გამომდინარე შესაბამის ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ნორმატიულად გაიწერა ის პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული უწყებების ყოველწლიური ანგარიშის განხილვას ეხება:

“რეგლამენტში შევა ცვლილებები, რომელიც შეეხება სხვადასხვა უწყების ანგარიშის მოსმენის პროცედურებს. არა მხოლოდ ვადას, არამედ რა წესით მოხდება მისი განხილვა. ასეთი წესი ჩვენმა კომიტეტმა დაამკვიდრა. ესაა ფართო წარმომადგენლობა და რეკომენდაციების გაზიარება, ასევე რეკომენდაციების მონიტორინგი, რაც არასდროს არ ხდებოდა. სახალხო დამცველის გარდა, საუბარია იმავე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშზე და სხვა.”

დეპუტატის განმარტებით, კომიტეტი ასევე ამზადებს კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო სპეციალური კონტროლის განხორციელებას:

“ჩვენ ერთი წელია ამ პროექტზე ვმუშაობთ და ამ მოწვევის აპრლამენტი მიიღებს ამ ცვლილებებს”.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის თქმით, პროცედურების გაწერა მეტ სიცხადეს შეიტანს პროცესში:

“მთავარი თემა, რომლის განსახილველადაც შევიკრიბეთ, არის კანონმდებლობაში პროცედურული საკითხების იმგვარად გაწერა, რომ პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული უწყებების ანგარიშების საპარლამენტო განხილვებში და მოსმენებში უფრო მეტი სიცხადე იქნას შეტანილი, დროის ფაქტორი იყოს გაწერილი- როდის ხდება ანგარიშის განხილვა, რა ეტაპებს გადის ანგარიში საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში და როგორ იქნება ეს ვადებში გაწერილი,” – ამბობს ქალდანი.

ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.