ახალი ამბები

პრემიერი: “ქართული ოცნების” კრიტიკა ზაქარეიშვილის მხრიდან ნაჩქარევი და არაობიექტურია

9 მაისი, 2016 • 1927
პრემიერი: “ქართული ოცნების” კრიტიკა ზაქარეიშვილის მხრიდან ნაჩქარევი და არაობიექტურია

“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პაატა ზაქარეიშვილს, მინდა ეს დავადასტურო, თუმცა მისი განცხადება, ჩემი აზრით, იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული,” – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას. ზაქარეიშვილმა “ქართული ოცნება” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადების უკომენტაროდ დატოვების გამო გააკრიტიკა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ და კოალიციამ “ქართული ოცნება” მკაფიოდ განსაზღვრა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები:

“პაატა ზაქარეიშვილს აკვირვებს “ქართული ოცნების” დუმილი – მე კი მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, რადგან ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობის და პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება. საქართველოს მთავრობა არის პარტია “ქართული ოცნების” ნების გამომხატველი. ჩვენ გვაქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არაერთხელ მოხდა არაერთ საერთაშორისო ფორმატში.”

კვირიკაშვილსი თქმით, მიუღებელია მთავრობის წევრისაგან მსგავსი შინაარსის განცხადება:

“რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოტახავს უკმაყოფილებას მთავრობის სხვა წევრების დუმილის გამო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრის მხრიდან, მით უმეტეს, არაობიექტური კრიტიკა მმართველის ძალის არის ძალიან გასაკვირი და მიუღებელი. ამიტომ ძალიან მტკივა გული ამ განცხადების გამო და არ შემეძლო ვრცელი კომენტარი არ გამეკეთებინა,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში გააკეთა:

“მეჭიაურის შეფასება არის ყოვლად მიუღებელი, შარშან ამ დროს ჩატარდა ამავე ტიპის წვრთნა და მაშინ რატომღაც ხმა არ მოუღია ბატონ მეჭიაურს… მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ამას ჩემთვის – ბატონი მეჭიაური, ცალკე როგორც ადამიანი, არაფერი არ არის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, “ქართული ოცნება” ამას როგორ უყურებს. “ქართული ოცნების” დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია “ქართული ოცნების” წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების ფონზე, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეა დაგეგმილი, საშიშია.

რუსული მხარე ქართულ-ამერიკულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი