ახალი ამბები

ვინ ტვირთავდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს? – გაბედავა კილაძის ბრალდებებს პასუხობს

9 მაისი, 2016 • 1664
ვინ ტვირთავდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს? – გაბედავა კილაძის ბრალდებებს პასუხობს

“საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის თავჯდომარე” გიორგი გაბედავა უარყოფს გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ინტერნეტში ატვირთვა გაბედავას უკავშირდება. ამის თაობაზე კილაძემ გუშინ “კურიეს P.S.”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კილაძის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ბოლო სამი ფირი რუსეთში რეგისტრირებული IP მისამართიდან აიტვირთა და სამივე შემთხვევის უკან გიორგი გაბედავა დგას:

“ქვეყანა, საიდანაც პირადი ცხოვრების ამსახველი ბოლო სამი ფირი გავრცელდა, გახლავთ რუსეთი. ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია. პირველი ფირი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ პოლიტიკოსზე გავრცელდა, ამ ფირის ინტერნეტსივრცეში ატვირთვის ადგილი ცნობილი არ არის ჩვენი სპეცსამსახურისათვის. მე შემიძლია გითხრათ, რომ სამივე შემთხვევაში ერთი პირია ამტვირთავი და ეს მოხდა მოსკოვში და ეს პირი გახლავთ ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა. მე ვიცი, რომ პროკურატურამ ჩხრეკის დროს რამდენიმე კომპიუტერში იპოვა მანამ, სანამ ეს მასალები გამოქვეყნდებოდა, ეს და სხვა გამოუქვეყნებელი ფირები,” – განაცხადა კილაძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჩხრეკის ფაქტს გიორგი გაბედავა უარყოფს. მისი თქმით, პროკურატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით ორჯერ იმყოფებოდა:

“კადრები რომ  დაიდო, “ფეისბუკზე” ბმული გამომიზგავნეს. მაშინ მე შევატყობინე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ იქნებ ეს კადრები წააშლევინოთ-მეთქი”. გაბედავას თქმით, პროკურატურაში დაკითხვა სოციალური ქსელზე წვდომის გადაცემით შემოიფარგლებოდა და ამ სახის დაკითხვაზე აპირებს მისვლას.

საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის ლიდერი პროკურატურას თავად ელისო კილაძით დაინტერესებისკენ მოუწოდებს:

“ქალბატონი ელისო კილაძე ამბობდა, რომ ეკა ბესელიას კადრები მიაწოდეს. საიდან გავრცელდა ეს კადრები, ვინ მიაწოდა მას, ვინც შემდგომ ისინი გაავრცელა. ჩემი აზრით, ამით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. მე რომ ვიღაცამ კადრები მომაწოდოს და საჯაროდ ვთქვა, რომ ეკა ბესელიას კადრები მაქვს და ერთ კვირაში ვიღაცა დებს ამ კადრებს, ჩემთან რატომ არ მოვა და მე რატომ არ მკითხავს პროკურატრა”.

რაც შეეხება კადრების მოსკოვიდან გავრცელებას, გაბედავას თქმით, ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მიაჩნია, რომ პროკრატურას აქვს ინფორმცია, საიდან მოხდა ვიდეომასალის გავრცელება.

ელისო კილაძემ გიორგი გაბედავასა და ქართულ ოცნებას შორის კავშირებზე და  ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მის მეგობრობაზე ისაუბრა. მისი თქმთ, გაბედავას არჩევნების დროს სუს-ი აფინანსებდა.

“ყველამ იცის, არჩევნების დროს მე ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი დიღმის მასივში. ქალბატონი ელისო ამბობს ასეთ რამეს, რომ მე სუს-ი მაფინანსებდა. მაშინაც გავაკეთე განცხადება გაყალბებასთან დაკავშირებით. სუსი თუ მეხმარებოდა, არ გამიყალბებდა არჩვნებს არავინ, პირიქით- დამეხმარებოდა ამაში,” – ამბობს გაბედავა. საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის ლიდერი უარყოფს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობასაც.

გიროგი გაბედავამ ჟრუნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს : – “დღეს ადვოკატთან მქონდა კონსულტაცია, ვაპირებ სასამართლოში შევიტანო საჩივარი. ერთი ფაქტი მაინც დამიდოს, ასე დარწმუნებით რომ საუბრობს. ან სუსი როდის მაფინანსებდა, და თუ სუსი მაფინანსებდა, რატომ ვერ გავედი არჩევნებში. ასევე დადოს ფაქტი, რომ პროკურატურა არის ჩემით დაინტერესებული”. გიორგი გაბედავა გაასაჩივრებს კილაძის ბრალდებას კადრების გავრცელების თაობაზეც.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი