ახალი ამბებისაზოგადოება

ბაქრაძე: წვრთნებზე გამოხმაურებები მიანიშნებს, ვინ ემუქრება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას

8 მაისი, 2016 • 1263
ბაქრაძე: წვრთნებზე გამოხმაურებები მიანიშნებს, ვინ ემუქრება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას

საქართველოს მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე 11-26 მაისს დაგეგმილ წვრთნებს გამოეხმაურა. დავით ბაქრაძის თქმით, ეს წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. მინისტრმა დაგეგმილი სწავლების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა:

” საქართველოს თავსებადობას ამერიკულ ჯარებთან, რაც არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს წვრთნები და მასზე გამოხმაურებები ალბათ პირდაპირ მიანიშნებს, ვინ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის განმტკიცებაზე და ვინ ემუქრება მას”.

ვაზიანში დაგეგმილ წვრთნებს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება. განცხადებაში რუსული მხარე ქართულ-ამერიკულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“. ასევე ნახსენებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 4 მაისს გაკეთებული განცხადება საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიისა და პარტნიორების დახმარების მნიშვნელობის შესახებ.

რუსეთის ამ განცხადებებს გამოეხმურა საქართველოს საგარეო უწყება და პარლამენტის თავმჯდომარე.

დაგეგმილ სამხედრო სწავლებებზე გუშინ ისაუბრა ქართული ოცნების დეპუტატმა პალამენტში თამაზ მეჭიაურმაც. მისი თქმით, ქართულ-ამერიკული წვრთნების ახლა ჩატარება შესაძლოა ქვეყნისთვის ხიფათის შემცველი იყოს.

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილ წვრთნებში, რომელიც 11 მაისს დაიწყება და 26 მაისამდე გასტანს, მონაწილეობას 500 ქართველი, 150 ბრიტანელი და 650 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი