ახალი ამბები

მეჭიაური მიიჩნევს, რომ ქართულ-ამერიკული წვრთნის ახლა ჩატარება საშიშია

7 მაისი, 2016 • 1657
მეჭიაური მიიჩნევს, რომ ქართულ-ამერიკული წვრთნის ახლა ჩატარება საშიშია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია “ქართული ოცნების” წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების გუშინდელი განცხადების ფონზე, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეა დაგეგმილი, საშიშია:

“მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებების ფონზე, ამ ვითარების ფონზე, ფაქტიურად, ყველა ჩვენს გარშემო ქვეყანაში არის დაპირისპირება და საომარი სიტუაცია და როცა მოხდება კონცენტრაცია ჩვენს ტერიტორიაზე მაინცდამაინც ახლა და თან ამ გარემოცვაში, არის დიდი საშიშროება, რომ ამ დაპირისპირებამ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოინაცვლოს”, – განაცხადა მეჭიაურმა “რუსთავი 2”-თან საუბარში, – “მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ვარ სწორი და მე ვარ უფრო ფრთხილი, გამომდინარე იქიდან, რომ განსხვავებით ზოგიერთებისგან, მე შვილები არსად არ გამიხიზნავს – არც დასავლეთში და არც უფრო შორს, არიან ამ ქვეყანაში და განსხვავებით ზოგიერთი მათგანისგან, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს, და მე საფრთხეს ჩემს თავზე და ჩემს შთამომავლობაზე ვგრძნობ”.

ვაზიანში დაგეგმილ წვრთნებს გუშინ გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება. განცხადებაში რუსული მხარე ქართულ-ამერიკულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“. ასევე, ნახსენებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 4 მაისს გაკეთებული განცხადება საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიისა და პარტნიორების დახმარების მნიშვნელობის შესახებ.

რუსეთის ამ განცხადებებს გამოეხმურა საქართველოს საგარეო უწყება და პარლამენტის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი