ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა

7 მაისი, 2016 • 1160
ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა

თბილისის საკრებულოს წევრს ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯარიმის სახით 250 ლარის გადახდა დააკისრა.

“ბიძინა ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა და მე დამაკისრეს ის ჯარიმა და ერთ კვირაში უნდა გადავიხადო. როგორი საინტერესოა, ჩემთვის ვიჯექი ამ პროცესზე და ვფიქრობდი, რომ სააკაშვილის დროს არ დავუკავებივარ არასდროს და ეტყობა ისეთი საოცარი დემოკრატია გვაქვს ახლა, რომ დამაკავეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის არც ამ დაკავებას და არც გამოშვებას, ბრძოლას ვაგრძელებ. ეს ქვეყანა არაა ივანიშვილის შპს”, – განაცხადა ელისაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

ელისაშვილი დღეს კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან გამართულ აქციაზე დააკავეს შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) .

“იმ ერთ კაცს, რომელსაც ჰგონია, რომ საქართველო არის შპს და შეუძლია ქვეყანას თავზე დააჯდეს და ყველაფერი განკარგოს, როგორც უნდა, ამ კაცს უნდა შევაგნებინოთ, რომ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში სხვებიც ვცხოვრობთ და არ შეიძლება, შენ როგორი ხუშტური გაქვს, აი, ისე მოიქცე. შევაგნებინებთ და ყველაფერს გავაკეთებ მე პირადად იმისთვის, რომ აი, ის ტერიტორია, რომელიც ეშმაკურად და მაქინაციურად ჩაიგდო ხელში, დაუბრუნოს უკან ქალაქს. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რამდენჯერაც არ უნდა დამიჭირონ, მაინც მე ჩემსას გავაკეთებ. დაუბრუნდება ეს ტერიტორია ქალაქს და ბოდიშის მოხდა მოუწევს ივანიშვილს”, – განაცხადა ელისაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

ელისაშვილის გარდა პოლიციამ დღეს კიდევ ხუთი ადამიანი დააკავა აქციაზე. პოლიციამ ისინი მაშინ დააკავა, როცა აქციის მონაწილენი ცდილობდნენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც უნდა აშენდეს პანორამა თბილისი, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი