ახალი ამბები

აქციამ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრიდან შსს-სთან გადაინაცვლა

7 მაისი, 2016 • 1313
აქციამ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრიდან შსს-სთან გადაინაცვლა

საზოგადოებრივი გაერთიანების “ერთად” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინცვლეს. ისინი იქ აქციის მონაწილეების დაკავებას აპროტესტებენ.

შსს-ს ამ დროისთვის აქციის ექვსი მონაწილე ჰყავს დაკავებული, მათ შორის არიან თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი და “პარტიზანული მებაღეობის” წევრი ნატა ფერაძე. შსს-ს ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამას გარდა, დღევანდელ აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, კერძოდ, მანქანა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ისინი ცდილობდნენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც უნდა აშენდეს პანორამა თბილისი, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

დღევანდელ აქციაზე მოქალაქეების ჯგუფი იმ პროექტებს აპროტესტებდა, რომელთა განხორციელებასაც ბიძინა ივანიშვილი თბილისში აპირებს. ესენია: პანორამა თბილისი, სასტუმრო კომპლექსი თაბორის მთაზე, რისთვისაც თბილისის მერიამ აუქციონზე გაყიდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰა მიწის ფართობი, და ასევე, ბოტანიკური ბაღის 4 ჰა მიწის ფართობი, რომელიც იყიდა ივანიშვილის კომპანიამ.

საზოგადოებრივი გაერთიანება “ერთად” აერთიანებს 25-მდე ორგანიზაციას, მათ შორისაა: “მწვანე ალტერნატივა”, “მწვანე მუშტი”, “პარტიზანული მებაღეობა”, “საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი”, “საზოგადოება ბათომი”, “ფრონტლაინ კლუბი” და ა.შ.

“ჩვენ, მოქალაქეები და ორგანიზაციები ვერთიანდებით სამოქალაქო მოძრაობაში “ერთად”, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საარსებო სივრცის მდგრადი, მოქალაქეების ინტერესზე მორგებული განვითარება. ჩვენი მიზანია სამოქალაქო აქტიურობის გზით ხელი შევუწყოთ გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადეკვატური პოლიტიკის ფორმირებას, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლება, იცხოვროს ჯანსაღ და სოციალურად მდგრად გარემოში. მოძრაობის “ერთად” ამოცანაა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გადაწყვეტილების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა გარემოსდაცვით და ქალაქგეგმარებით (ან ურბანული განვითარების) საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას,” – ეს არის სამოქალაქო მოძრაობის “ერთად” მისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი