ახალი ამბები

უსუფაშვილი: უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნაზე შიდაფრაქციული კონსულტაციები მიმდინარეობს

6 მაისი, 2016 • 2212
უსუფაშვილი: უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნაზე შიდაფრაქციული კონსულტაციები მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარე, დვით უსუფაშვილი დღეს, 6 მაისს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს- ნონა თოდუას, თამარ ლალიაშვილსა და ანა დოლიძეს შეხვდა.

კანდიდატებმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში სპეციალური განცხადება გააკეთეს, სადაც რამდენიმე პარლამენტარის განცხადება გააკრიტიკეს. მათი თქმით, პარლამენტის წევრების განცხადებებმა კანდიდატების შესახებ კონსულტაციების გამართვის აუცილებლობაზე მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა.

გუშინ, 4 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, გია ვოლსკიმ და ნანა ყეინიშვილმა განაცხადეს, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტს კონსულტაციები უმრავლესობასთან უნდა გაემართა. ვოლსკის განცხადებით, არ არიან ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, დაუჭერენ თუ არა მხარს კენჭისყრაზე წარმოდგენილ კანდიდატებს.

უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ „პროცესის ამ ეტაპზე მიმდინარეობს ერთადერთი ტიპის კონსულტაციები – შიდაფრაქციული და შიდასაპარლამენტო კონსულტაციები, რომლებიც არის სრულიად აუცილებელი კოლეგიურ ორგანოში გადაწყვეტილების მისაღებად.“

მისივე თქმით, სხვა ინსტიტუტებთან და დაწესებულებებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრა მაისის ბოლომდე ჩატარდება.

„კანდიდატებს მოვახსენე, რომ სამშაბათს, პარლამენტის ბიუროზე მე კოლეგებთან მექნება ამის თაობაზე კონსულტაცია, დიახ, შიდა კონსულტაცია, და ჩამოვყალიბდებით. ეს საკითხი გავა პარლამენტში განსახილველად მომავალ კვირას. თუ კიდევ ვინმეს სჭირდება კონსულტაციებისთვის და საკითხის შესასწავლად კიდევ დამატებით, ალბათ, მაქსიმუმ ორი კვირა. იმიტომ, რომ მგონია, მაისის ბოლომდე პარლამენტმა თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება შესაძლო გადაწყვეტილებებს, მე ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ეს არის კოლეგიური საკითხი. თითოეული კანდიდატის მოსამართლედ გამწესებას სჭირდება 76 ხმა. პირადად მე ვთვლი, რომ სამივე კანდიდატი არის ძალიან გამოცდილი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი და ისინი წაადგებოდნენ საქართველოს მართლმსაჯულებას, სასამართლო სისტემას, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი და მე ვვარაუდობ, რომ ეს იქნება მაისის ბოლომდე,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად პრეზიდენტმა პარლამენტს ანა დოლიძე 25 თებერვალს, ხოლო თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა – 28 მარტს წარადგინა. სამივე კანდიდატმა უკვე გაიარა საკომიტეტო მოსმენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი