ახალი ამბები

თბილისის ცენტრში სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდა დროებით შეიზღუდება

6 მაისი, 2016 • 1511
თბილისის ცენტრში სახლებზე კ2 კოეფიციენტის  გაზრდა დროებით შეიზღუდება

“ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ  წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა – თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება ისედაც მჭიდრო დასახლებებში”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი, თბილისის მერის განცხადებით, საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გაეგზავნება.

საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე შეიზღუდება, გენგეგმის საბოლოო ვარიანტში კი, დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.

დროებითი შეზღუდვა არ შეეხება გარეუბნებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც  საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება. ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ).

ამას გარდა, დავით ნარმანიას თქმით, „ქალაქში აქტიური უნდა გახდეს „მწვანე სახურავების“ თემა, შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების გავითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით”.

კერძოდ, თბილისის მერის განცხადებით, დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი