ახალი ამბები

ანა დოლიძე: სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებს კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს

5 მაისი, 2016 • 1595
ანა დოლიძე: სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებს კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს

პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა პარლამენტში მათი არჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდნეტის ადმინისტრაციაში განცხადება გააკეთეს.

ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მათი დანიშვნის საკითხის კენჭისყრას ელოდებიან.

გუშინ, 4 მაისს, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიმართოს. ვოლსკის განცხადებით, არ არიან ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, დაუჭერენ თუ არა მხარს კენჭისყრაზე წარმოდგენილ კანდიდატებს.

„რამდენიმე თვეა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ჩვენი, როგორც უზენაესი სასამარლოს კანდიდატების განხილვის პროცედურები. გუშინ პარლამენტის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა.

არასწორია, როდესაც მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კვალიფიკაციასა თუ სხვა საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის მაღალ სტატუსს და სამართლიანი სასამართლოს იდეას.

კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, საზოგადოება სამარლიანი მართლმსაჯულების მოლოდინშია.

ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ თითოეული კანდიდატის ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის ხარისხის გათვალისწინებით“, – განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი