ახალი ამბები

სააკაშვილი: ენმ-ის ფრაქციიდან დროდადრო წევრების ხმაურიანი გასვლა ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია

5 მაისი, 2016 • 1226
სააკაშვილი: ენმ-ის ფრაქციიდან დროდადრო წევრების ხმაურიანი გასვლა ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია

“მიმაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა  თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში”, – ამ სიტყვების ავტორი საქართველოს ექსპრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილია.

მის განცხადებას, რომელსაც წინ დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვება უძღოდა, ენმ ავრცელებს:

“ივანიშვილი დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა ვერ შეძლო. ამიტომ ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს.

ახლა  „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი, ამის ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვისა და მთლაინად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს”, – აცხადებს სააკაშვილი.

დღეს, 5 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა გიორგი ვაშაძემ. მან ამის მიზეზად დაასახელა პარტიაში დახურული მმართველობის სტილი, რომელიც ვაშაძის თქმით, შექმნეს გიგა ბოკერიამ, მიშა მაჭავარიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და დავით ბაქრაძემ. ამის საპასუხოდ პარტიაში განაცხადეს, რომ ვაშაძე, რომელიც “სიის პირველ ათეულში ადგილს ან ლიდერის სტატუსს ითხოვდა”, სინამდვილეში განაწყენდა იმის გამო, რომ მისი მოთხოვნა პოლიტსაბჭომ არ დააკმაყოფილა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარტიას განახლების პროცესის კრიტიკის ფონზე წევრები ტოვებენ. გასულ წელს ენმ დატოვა ოთხმა დეპუტატმა: ზურაბ ჯაფარიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ და გოგა ხაჩიძემ. მათ ახალი პოლიტიკური პარტია “გირჩი” დააფუძნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი