ახალი ამბები

მაჭავარიანი: გიორგი ვაშაძე სიის ათეულში ადგილს და ლიდერის სტატუსს ითხოვდა

5 მაისი, 2016 • 2315
მაჭავარიანი: გიორგი ვაშაძე სიის ათეულში ადგილს და ლიდერის სტატუსს ითხოვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, გიორგი ვაშაძე, რომელმაც ენმ დღეს დატოვა, პარტიის საარჩევნო სიის ათეულში ადგილს და ლიდერის სტატუსს ითხოვდა. როგორც მაჭავარიანმა ნეტგაზეთს განუცხადა, როდესაც ეს ყველაფერი ვერ მიიღო ვაშაძე განაწყენდა.

“პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სიის შედგენის პრინციპები. მათგან უმნიშვნელოვნაესია განახლება და თქვენ ნახავთ, რომ პირველ ათეულში ნაცნობი მხოლოდ ბაქრაძეა [და ნიკა მელია], დანარჩენი ყველა ახალი სახე იქნება. ამის გამო პარტიის ლიდერთა უმეტესობამ სურვილი გამოთქვა, რომ ადგილი ახალი სახეებისთვის დაეთმო. ეს კარგად იცის გიორგიმ. ის ითხოვდა, რომ ყოფილიყო პირველ ათეულში, რაც ვერ მოხდებოდა, რადგან პოლიტსაბჭომ სხვა პრინციპი დანერგა. შემდეგ მოითხოვა კონკრეტული თანამდებობები, რაზეც ასევე უთხრეს, რომ ეს პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია. ამ ფონზე გიორგის სურვილი, რომ ის ყოფილიყო სიის პირველ ათეულში, გაზიარებული არ იქნა. ის განაწყენდა. ეს წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. მან კარგად იცის, რომ პარტია ეს დიდი ორგანიზმია და არა მიშა მაჭავარიანი ან დათო ბაქრაძე. აქ არის ათასობით ჩვენი მხარდაჭერი, რომლებიც წლებია ებრძვიან ივანიშვილის რეჟიმს. ჩვენ გიორგის ყველა შანსი მივეცით. ის იყო პარტიის მდივანი განახლების საკითხებში, მაგრამ სამწუხაროდ ისევ პოლიტსაბჭოს გასაკეთებელი აღმოჩნდა ის საქმე, რასაც პარტიის განახლება ჰქვია. ის სხვადასხვა საქმით იყო დაკავებული ჰქონდა თავისი ენჯეო [მედიატორი], უკრაინაში იყო ჩართული სხვადასხვა საქმეებში და როგორც ჩანს ვერ გაართვა ამ ყველაფერს თავი. სამწუხაროა, ვერ გეტყვით რომ მიხარია, მაგრამ გადაბრალება და თითის გაშვერა, როცა პრობლემა შენშია, ძალიან მარტივია. გიორგიმ ვერ გაუძლო ამ გამოცდას”, – განაცხადა მაჭავარიანმა ჩვენთან საუბარში. კითხვას კონკრეტულად რა პარტიულ თანამდებობას ითხოვდა ვაშაძე ენმ-ში, რომელიც ისედაც იაკვებდა პარტიის სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივნის პოსტს, მაჭავარიანი პასუხობს:

“ის ითხოვდა რომ ყოფილიყო ლიდერი. ლიდერს აღიარება უნდა. სიის ათეულში ყოფნის მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ხარ ლიდერი. მისი მოთხოვნა იყო რომ ყოფილიყო ათეულში ან გვეღიარებინა ის, როგორც მთავარ წამმართველ ძალად. პარტიაში დემოკრატიაა. პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებებს.”, – ამბობს მაჭავარიანი.

ენმ-ის სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივანმა გიორგი ვაშაძემ პარტია დატოვა. მან ამის მიზეზად დაასახელა პარტიაში დახურული მმართველობის სტილი, რომელიც ვაშაძის თქმით, შექმნა გიგა ბოკერიამ, მიშა მაჭავარიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

“საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სიახლეების, ინოვაციების, ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება, მაგალითად – იუსტიციის სახლების სახით. ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის სრულიად ახალ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს მოუტანს წარმატებას. მსგავსი მოლოდინი ვფიქრობ ჰქონდა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და რაც მთავარია ჩვენს ამომრჩეველს, რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან ელოდებოდნენ ინოვაციას, სიახლეებს და ელოდებოდნენ ცვლილებებს და ახალ ინიციატივებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა.

ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული, კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობისა და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ის აპირებს შექმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება:

“მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე საარჩევნო სიაში იმ ფასადური განახლებით, რომელსაც აპირებენ ეს ადამიანები და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებით და გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიყვანს საქართველოს წარმატებამდე”, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე 2006-2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე; ხოლო 2010-2012 წლებში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2012 წლიდან პარლამენტის წევრია. იგი პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი