ახალი ამბები

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს მეცნიერები უპირისპირდებიან

4 მაისი, 2016 • 2818
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს მეცნიერები უპირისპირდებიან

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტი სამ საკითხს გამოყოფს: კანონპროექტის თანახმად, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები სტიპენდიანტებმა უნდა ჩაანაცვლონ; აკადემიის პრეზიდენტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 70 წელს, ხოლო აკადემია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს. ინიციატივა 20 აპრილს, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე უკვე მოისმინეს.

კანონპროექტის ინიციატორი აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვანო კიღურაძეა. კიღურაძემ პროექტზე აკადემიისაგან დამოუკიდებლად იმუშავა, რასაც აკადემიაში დადებით ტონად არ აფასებენ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, კიღურაძეს მეტი კოლეგიალობა გამოეჩინა. დღეს კანონპროექტის შესახებ აკადემიაში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

ვანო კიღურაძეს მიაჩნია, რომ მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მეცნიერებაში ნიჭიერ ახალგაზრდობას მოიზიდავს და მათი მხარდაჭერის ეფექტური მეთოდების შემუშავებით ქვეყნიდან “ტვინების გადინების პროცესს” შეძლებისდაგვარად შეაჩერებს.

აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვანო კიღურაძე

აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვანო კიღურაძე. 04.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი

კანონპროექტის თანახმად, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ინსტიტუტის სტიპენდიანტებმა ეტაპობრივად უნდა ჩაანაცვლონ. წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიანტთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40-ს. ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, წევრ-კორესპონდენტებს აღარ ირჩევენ და კანონპროექტის ავტორის აზრით, მომავალში გამოკლებულ წევრ-კორესპონდენტთა ხარჯზე სათანადოდ გაიზრდება აკადემიის სტიპენდიანტთა რაოდენობა. აკადემიის სტიპენდიანტად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის პირი, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. აკადემიის სტიპენდიანტად არჩევის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს. სტიპენდიანტი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის სტიპენდიანტად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. სტიპენდიანტს ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.

“მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ეს უნდა იყოს – დაამუხრუჭოს ტვინების გადინება ქვეყნიდან. დღეს ყველა ნიჭიერი ადამიანი სამსახურს ეძებს უცხოეთში. საჭიროა, ეს ხალხი ამ ქვეყანაში გავამაგროთ. შეიძლება მათთვის 1000-ლარიანი ანაზღაურება განსაკუთრებული შეთავაზება არ იყოს, მაგრამ ეს მაინც დააფიქრებს ახალგაზრდებს” – აცხადებს კიღურაძე.

თუმცა ვანო კიღურაძის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიაში არ იზიარებენ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილებები შესაბამის შედეგს ვერ მოიტანს და კანონის ამოქმედების შემდეგ, აკადემიის წევრთა რაოდენობა შემცირდება.

“კანონპროექტში არის დეტალები, რომლებიც არის აკადემიისათვის სრულიად მიუღებელი. მთავარი ის არის, რომ ეს პროექტი არ იყო აკადემიასთან შეთანხმებული. გავიგეთ მის შესახებ მხოლოდ ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ. აკადემიაში მხოლოდ 110 წევრია – ჩვენზე მცირერიცხოვანი აკადემია ბევრ ქვეყანას არ ჰყავს. თუ წევრ-კორესპონდენტების ნაცვლად ავიყვანთ სტიპენდიანტებს, ეს კიდევ შეამცირებს აკადემიის წევრების რაოდენობას. ეს პრინციპულად მიუღებელია, სტიპენდიანტი ვერ ჩაითვლება აკადემიის წევრად. ახალგაზრდების გადინების საკითხი არ არის ასეთი მარტივად მოსაგვარებელი; და ვინც მიდის, ისინის მუშაობენ და სწავლობენ მაღალი დონის სასწავლებლებში,” – აცხადებს გიორგი კვესიტაძე.

კიღურაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, აკადემიის პრეზიდენტის ასაკი არ შეიძლება აჭარბებდეს 70 წელს. რაც მისი აზრით, ასაკობრივი დისკრინაცია არ არის, რადგან ასაკობრივი ლიმიტი საგანმანათლებლო დაწესებულებში სხვადახვა პოზიციაზე მომუშავე პირებისათვის არსებობს:

“ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედებს ეს ასაკობრივი შეზღუდვები, რადგან ჩვენთან, აკადემიაში შედარებით ხანდაზმული ხალხია, მე ამ ასაკად ავიღე 70 წელი. ვერც ვიფიქრებდი, თუ ვინმეს ეს ეწყინებოდა. აკადემია არ არის ის ადგილი, სადაც ვინმემ თავისი კარიერული მისწრაფებები უნდა დაიკმაყოფილოს. ეს არ არის ასაკობრივი დისკრიმინაცია,” – მის აზრს არც ამ საკითხში იზიარებენ აკადემიის წევრები.

დისკუსია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში. 04.05.16

დისკუსია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში. 04.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი

აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას თქმით, პრემიერის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხზეც ერთობლივი მსჯელობაა საჭირო.

“ამჟამად განათლების სამინისტროსთან ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. გულახდილად რომ გითხრათ, დამოუკიდებლად გასვლა ჯობია, მაგრამ ეს დღეს განსახილველი საკითხი ნამდვილად არ არის,” – ამბობს ჟორდანია.

სამეცნიერო აკადემიის წევრის, ლადო პაპავას თქმით, კანონპროექტზე საუბარი და საჭირო ცვლილებების შესახებ დისკუსიების გააქტიურება წინა საარჩევნო პერიოდში არ იყო სწორი ნაბიჯი.

“კარგის გაკეთება თუ არ შეგიძლიათ, არეულობას მაინც ნუ შემოიტანთ – ნუ, დაამძიმებთ. ვფიქრობ, რომ ასაკობრივი შეზღუდვაც ძალიან პირადული შეხედულებაა და არა საქმიდან გამომდინარე დასმული საკითხი. სტიპენდიანტებიც იყვნენ, მაგრამ არა კორესპოდენტთა ხარჯზე, რადგან ამ ინსტიტუტის შენარჩუნება არის საჭირო,” – განაცხადა ლადო პაპავამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

აკადემიაში გამართულ დისკუსიაზე საზოგადოების რამდენიმე წარმოამდგენელმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, ვანო კიღურაძის შეკითხვით მიმართეს. გიორგი გიგაური კიღურაძის რეპლიკას გამოეხმაურა და მოსთხოვა პასუხი კითხვაზე: მისი აზრით, ვინ ღუპავს აკადემიას?

“თქვენ 2 თვეში დაასრულებთ თქვენს საპარლამენტო მოღვაწეობას და ხომ არ ცდილობთ იმის გაკეთებას, რაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს უნდა გაეკეთებინა?”

კანონპროექტის განსახილველად მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კიდევ გეგმავს შეკრებას, თუმცა აკადემიის წევრები არ არიან დარწმუნებული, რომ პროექტის ავტორი მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს. კიღურაძე კი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მისი კოლეგები კანონპროექტის განმარტებით ბარათს უკეთ გაეცნობიან.

კანონპროექტს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სავარაუდოდ 16 მაისამდე მოისმენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი