ახალი ამბები

ნარმანია ბოტანიკურის მიმდებარედ მიწის გაყიდვაზე: კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია

3 მაისი, 2016 • 1402
ნარმანია ბოტანიკურის მიმდებარედ მიწის გაყიდვაზე: კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰა მიწის ნაკვეთის გაყიდვის პროცედურა სამართლებრივი ნორმებს დაცვით განხორციელდა.

“ვიცნობ პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი მხოლოდ გამოადგება ქალაქს და ჩვენს თანამოქალაქეებს. ყველა პროცედურების დაცვით და სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში მიმდინარეობს პროცედურები, ასე რომ, კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია“ – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დავით ნარმანიამ.

ოქროყანაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული 30 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე, რომელიც დღეს დასრულდა, 6 326 495 ლარად გაიყიდა, თუმცა ჯერ უცნობია მყიდველის ვინაობა.

თბილისის მერია აუქციონზე ოქროყანაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ 30 ჰექტრამდე ნაკვეთს სასტუმროს ასაშენებლად ყიდდა. აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი 6 მილიონ 233 ათასი ლარი იყო. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში ააშენოს სულ მცირე 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 კვ.მ. აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმრო კომპლექსისთვის არანაკლებ 50 სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს.

აუქციონის გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

აუქციონი 22 აპრილს გამოცხადდა. ტერიტორიას აქვს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი.

თბილისის ვიცემერი ირაკლი ლექვინაძე სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს საჭიროებას ასე განმარტავს:

”როდესაც ხდება ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი გზის განვითარება მოიცავს თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებას. რადგან ეს მხარე თბილისში არის ჯერ კიდევ აუთვისებელი და გზის გაყვანა იძლევა ახალ შესაძლებლობებს, რატომაც არა?! – გზის მიმდებარე ტერიტორიებზე, ისევე როგორც თბილისთან დამაკავშირებელ გზებზე, არსებობს მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები, იგივე რესტორნები. რატომ არ შეიძლება ამ გზაზეც არსებობდეს მსგავსი რამე, თუ ეს იქნება თბილისელებისა და სტუმრებისთვის საინტერესო? ეს არის ბოტანიკური ბაღისგან საკმაოდ მოშორებული ტერიტორია. მერია არ აპირებს აუქციონის გაუქმებას”.

აუქციონის გაუქმებას საპროტესტო აქციებით ითხოვდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რადგან აღნიშნული პარტიის წევრების თქმით, ამ მიწის ნაკვეთის შეძენა სურდა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რის გამოც თბილისის მერიის თხოვნით საკრებულომ ამ მიწის ნაკვეთს მოუხსნა ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი და მას მიანიჭა რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი