ახალი ამბებიეკონომიკასაზოგადოება

BBC: ციფრული ვალუტის ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა ცნობილია

2 მაისი, 2016 • 2331
BBC: ციფრული ვალუტის ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა ცნობილია

ავსტრალიელი მეწარმე კრეიგ რაითი აღიარებს, რომ ციფრული ვალუტის ბიტკოინის შემქმნელია. მან ინფორმაცია სამ სხვადასხვა მედიასაშუალებას, მათ შორის, BBC-ის დაუდასტურა. ინფორმაციის სიზუსტის დასამტკიცებლად რაითმა ტექნიკური ფაქტები წარადგინა, რომელიც ადასტურებს მის კავშირს ორგანიზაციასთან.

BBC-სთან გამართულ შეხვედრაზე კრეიგ რაითმა გზავნილებს ხელი კრიფტოგრაფიულ კოდების გამოყენებით მოაწერა. ეს კოდები Bitcoin’s development-ის დაარსების საწყის ეტაპზე შეიქმნა.

“მე ვიყავი პროექტის საყრდენი, თუმცა სხვა ადამიანებიც მეხმარებოდნენ” – ამბობს რაითი. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ის საჯაროს გახდის ინფორმაციას, რომელიც ყველას დაარწმუნებს, რომ სწორედ ის დგას ორგანიზაციის უკან.

განცხადებას გამოეხმაურა Bitcoin’s development-ის გუნდიც. მათი თქმით, კრეიგ რაითის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს შეესაბამება.

ამ განცხადების შემდეგ კრეიგ რაითს იმედი აქვს, რომ ბოლო მოეღება მედიის სპეკულაციებს ორგანიზაციის დამფუძნებლის ვინაობის თაობაზე. მისი თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალებებმა არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს იმის გასაკრვევად, თუ ვინ იდგა Bitcoin’s development-ის უკან და სხვადასხვა კანდიდატები დაასახელეს. 2015 წლის დეკემბერში ორმა ჟურნალმა, Wired-მა და Gizmodo-მ, კრეიგ რაითი დაასახელეს ორგანიზაციის დამფუძნებლად. ამ დასკვნამდე გამოცემები იმის შემდეგ მივიდნენ, რაც, მათი თქმით, მოიპოვეს კრეის რაითის პროექტში ჩართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. რაითის თქმით, საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამოტანა მის ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა:

“მე მინდა ვიმუშაო, მინდა გავაგრძელო იმის კეთება, რაც მინდა. მე არ ვიბრძვი არც ფულისთვის და არც სახელის მოსახვეჭად, გაღმერთება არაფერში მჭირდება. მინდა, თავი დამაბებონ და მუშაობის საშუალება მომცენ” – ამბობს რაითი.

ბიტკოინი კრიპტოვალუტა, იგივე ციფრული ვალუტაა, რომელიც ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. მას სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ.  ბიტკოინის სისტემა საბანკო სისტემის ალტერნატიულია. მაგალითად, თუ ვინმეს საბერძნეთიდან საქართველოში ფულის გამოგზავნა ბიტკოინების მეშვეობით უნდა (რადგან ეს უფრო იაფი და სწრაფი საშუალებაა), შეუძლია ინტერნეტში გახსნას ბიტკოინის მისამართი ანუ ანგარიში და თანხა გადარიცხოს საქართველოში, მიმღების ბიტკოინის ანგარიშზე. ის ტექნიკური მოწყობილობები (კომპიუტერები, სერვერები), რომლებიც უზრუნველყოფენ ტრანზაქციის შემოწმებას, მიიღებენ შეტყობინებას ბიტკოინების გადარიცხვის შესახებ. ამის შემდეგ მათემატიკური ფორმულების მეშვეობით დაადასტურებენ გადარიცხვის სინამდვილეს და თანხა მიმღების ანგარიშზე აღმოჩნდება. ე.წ. ბუღალტერი (ანუ ის სისტემა, რომელიც გადარიცხვის მონაცემებს ამუშავებს) კი სანაცვლოდ ახალ ბიტკოინს მიიღებს, რომელიც დღეისთვის 644 ლარი ღირს.

ბიტკოინის ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მონაცემთა გადამუშავების ცენტრი გახსნან, სადაც ბევრი სერვერი განთავსდება. სწორედ სერვერების რაოდენობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ტრანზაქციის შემოწმებას შეძლებს ესა თუ ის ფიზიკური ან იურიდიული პირი დროის გარკვეულ მონაკვეთში და რამდენ ახალ ბიტკოინს მოიპოვებს ამის შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი