ახალი ამბები

ომბუდსმენი: 2015 წელს, სამუშაოს შესრულებისას 42 ადამიანი გარდაიცვალა

1 მაისი, 2016 • 1817
ომბუდსმენი: 2015 წელს, სამუშაოს შესრულებისას 42 ადამიანი გარდაიცვალა

1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სახალხო დამცველი დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალიზაციისა და დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც დროულ მოგვარებას საჭიროებს.

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში განხილულია საქართველოს შრომის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები. მისი განცხადებით, შრომის კოდექსით არ არის განსაზღვრული დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა და კვირაში სამუშაო დღეების რაოდენობა; არ არის დადგენილი ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი;

“იმ დარგების ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც მოქცეულია სპეციფიკურ სამუშაო რეჟიმში და სადაც სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში შეადგენს 48 საათს, არის ძალიან ფართო; შრომის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შრომის მინიმალური ანაზღაურების ოდენობა, თუმცა აუცილებელია, კანონმდებლის მიერ მოხდეს აღნიშნული საკითხის რეგულირება, რომ მოხდეს დასაქმებულთა დაცვა შრომის მიზერული ანაზღაურებისგან,” – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის განცხადებით, ასევე პრობლემატური საკითხია დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების დაუსაბუთებელი ფაქტები:

“საქართველოს შრომის კოდექსი არ იძლევა ამა თუ იმ პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რაც დამსაქმებელს უტოვებს ფართო შეფასების და მოქმედების არეალს, ხოლო დასაქმებულისთვის წინასწარ არ არის განჭვრეტადი და ნათელი, რა შეიძლება გახდეს მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი და სხვა.”

ომბუდსმენი განსაკუთრებით საგანგაშოდ შრომითი უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას მიიჩნევს. სახალხო დამცველის აპარატი საჭიროდ მიიჩნევს შრომის ინსპექციის შექმნას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა შეადგენს 82-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა – 42-ს. სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოძიება დაიწყო სულ 108 შემთხვევაში, აქედან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 42 შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ 16 შემთხვევაში, საიდანაც საქმე სასამართლოში წარიმართა 10 შემთხვევაში.

“აღნიშნული სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის კუთხით ასეთ შემთხვევებზე რეაგირება არ არის დასაქმებულთა უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმი. არსებული ვითარება დღის წესრიგში მწვავედ აყენებს შრომის პირობებსა და უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს – შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას, რომელიც უფლებამოსილი იქნება კანონის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი სანქციები. მიუხედავად არაერთი ტრაგიკული შემთხვევისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სწორედ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით არის გამოწვეული, მოცემულ საკითხზე სახელმწიფოს აქვს ინერტული დამოკიდებულება, რაც ცხადყოფს, რომ ხელისუფლება დღემდე სათანადოდ ვერ აცნობიერებს შრომის უსაფრთხოების დაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობას,” აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, საჯარო სამსახურში, ხშირ შემთხვევაში, კონკურსები და ტესტაციები ატარებენ ფორმალურ ხასიათს და ამ საკითხებზე შესაბამისი ორგანოები დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.

“ცალკეულ შემთხვევებში, მოხელეთა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო. ერთ შემთხვევაში გამოვლინდა სისტემური პრობლემა, როდესაც თანამშრომლების მიერ ზეგანაკვეთურად, მათ შორის უქმე დღეებში შესრულებული სამუშაო არ აღირიცხებოდა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება სრული სახით არ სრულდებოდა.”

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, ეფექტური ღონისძიებები დროულად გაატარონ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს თითოეული ადამიანის შრომის უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი