ახალი ამბები

ილია II: თანამედროვეობამ წინ წამოსწია “მეს” პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება

30 აპრილი, 2016 • 1987
ილია II: თანამედროვეობამ წინ წამოსწია “მეს” პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე 30 აპრილს, სააღდგომო ეპისტოლეში აცხადებს, რომ თანამედროვეობამ “სიახლის” სახელით წინ წამოსწია “მეს” პრინციპი, გართობა, ბუნდოვანება, ვულგარული მეტყველება. 

“თანამედროვეობამ ,,სიახლის” სახელით წინ წამოსწია ,,მეს” პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე…ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე. სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა. ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს”, – წერია ეპისტოლეში.

ილია მეორე მოუწოდებს მრევლს, რომ არ უნდა აჰყვნენ “წუთისოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებულ განწყობას”. მისი თქმით, ცხოვრების სული არის სული სიცრუისა.

“იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 10-20-40 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინის?! ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ ,,ფასეულობების” მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს”, – წერია ეპისტოლეში.

ილია მეორის აზრით, გონიერი ადამიანი უნდა მიემსგავსოს ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას ჩადიოდა, მაგრამ სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი