ახალი ამბები

ილია II: ვინც თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მარადიული ტანჯვის მორევში შედის

30 აპრილი, 2016 • 1825
ილია II: ვინც თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მარადიული ტანჯვის მორევში შედის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე 30 აპრილს, სააღდგომო ეპისტოლეში აცხადებს, რომ ვინც თავს იკლავს, მარადიული ტანჯვის მორევში შედის.  

“გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს, აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მარწუხებისგან თავი დაიცვას”, – აცხადებს ილია მეორე.

ილია მეორის თქმით, ბოლო დროს თვითმკვლელობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებს შორის. რადგან მათში ემოციური ფონი გაძლიერებულია.

“ამასთან, გარემოს შეცნობისა და ძიების პროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება არასწორი მიმართულება მიეცეს. ამიტომაც, ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ როგორც ქალის, ისე მამაკაცის პასუხისმგებლობა თანაბარია”, – წერია პატრიარქის ეპოსტოლეში.

ილია მეორის აზრით, მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ამ ასაკში მშობლები მათ მეგობრად უნდა იქცნენ და  მეტი სითბო აჩვენონ, დაინტერესდნენ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით.

მასალების გადაბეჭდვის წესი