ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ საარჩევნო სიას სამი კომპონენტის მიხედვით დააკომპლექტებს

30 აპრილი, 2016 • 1752
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ საარჩევნო სიას სამი კომპონენტის მიხედვით დააკომპლექტებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიას სამი კომპონენტის მიხედვით დააკომპლექტებენ.

ბაქრაძის განცხადებით, ერთი კომპონენტი იქნება პარტიულ სიაში იმ პირების მოხვედრა, რომლებმაც წინა არჩევნებზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღეს, მეორე კომპონენტი იქნება ახალი წევრების მიღება და პარტიის განახლება, ხოლო მესამე კომპონენტი იქნება პარტიის სამდივნოს ჩართულობა.

ბაქრაძის თქმით, ამ სამივე კომპონენტს საბოლოოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭო დაამტკიცებს, რომელსაც შემდეგ საზოგადოებას გააცნობენ.

“ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ფორმირება მოხდება ისე, როგორც არ მომხდარა დღემდე. არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, არამედ სხვა ნებისმიერი პოლტიკური პარტიის პრაქტიკაში საქართველოში. ეს პროცესი იქნება მთლიანად გამჭვირვალე”, – ამბობს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, პარტიული სიის ფორმირებაში მონაწილეობას მიიღებს პარტიის ყველა რაიონული ორგანიზაცია და პარტიის თითოეული წევრი.

პირველი კრიტერიუმის მიხედვით, შერჩევაში ამოსავალი წერტილი იქნება ხალხის ნდობა, რომელიც გამოიხატა წინა არჩევნების შედეგში. პარტიის სიის დაკომპლექტების დროს ძირითადი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რომელმა რეგიონმა რა შედეგი აჩვენა არჩევნებზე, ამბობს ბაქრაძე.

“პირვლად საქართველში საქართველოს რეგიონებსა და რაიონებს ეყოლებათ წარმომადგენლები არა მხოლოდ როგორც მაჟორიტარები, არამე მათ ეყოლებათ წარმომადგენლები პარტიის პოლიტიკურ სიაშიც”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საარჩევნო სიის დადგენაში ცენტრალური ოფსისა და სამდივნოს როლი იქნება ის, რომ საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით სამდივნოც შეიტანს წვლილს საარჩევნო სიის ფორმირებაში.

ბაქრაძემ რეგიონულ ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ დაიწყონ მუშაობა, რადგან რეგიონებში უნდა ჩატარდეს კონფერენციები, რომ ყველა მაცხოვრებელმა იცოდეს, ვინ უნდა წარმოადგინოს ის პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი