ახალი ამბები

BBC: ნორვეგიაში ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა

29 აპრილი, 2016 • 1515
BBC: ნორვეგიაში ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს, 29 აპრილს, ნორვეგიაში ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ს ცნობით, შემთხვევა ნორვეგიის ქალაქ ბერგენთან ახლოს მოხდა. ცამეტი მგზავრიდან 11 ნორვეგიელი იყო. გარდაცვლილთა შორის ბრიტანეთის და იტალიის მოქალაქეებიც არიან. მაშველებმა 11 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ხოლო ორ დაკარგულ მგზავრს ამ დრომდე ეძებენ.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი ნავთობის მომპოვებელი კომპანიის, StatOil-ის თანამშრომლები იყვნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ვერტმფრენი კომპანიის კუთვნილი ნავთობის მომპოვებელი პლატფორმიდან ბერგენის მიმართულებით მიფრინავდა.

„აფეთქებისა და ძრავის უჩვეულო ხმა მომესმა, ფანჯრიდან რომ გავიხედე, დავინახე, როგორ ჩავარდა ვერტმფრენი ზღვაში. ამ ყველაფერს კი დიდი აფეთქება მოჰყვა,“ – ამბობს შემთხვევის თვითმხილველი.

ნორვეგიული პრესა საფრენი აპარატის შესაძლო გაუმართაობაზე წერს. VG-ის ინფორმაციით, ამ კონკრეტული ვერტმფრენის გამოყენება, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა, გასულ წელს ორჯერ შეფერხდა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი შემთხვევას ტრაგიკულად აფასებს. ნორვეგიის სამეფო არხის ინფორმაციით, კატასტროფის გამო ნორვეგიის სამეფო ოჯახმა შვედეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი