ახალი ამბებისაზოგადოება

რა პირობებში ცხოვრობენ თსუ-ის სტუდენტები სტუდქალაქში [ფოტო]

4 მაისი, 2016 • 4617
რა პირობებში ცხოვრობენ თსუ-ის სტუდენტები სტუდქალაქში [ფოტო]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 300-მდე სტუდენტი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, შენობებში, რომლებიც 1975 წელს აშენდა და მას შემდეგ, როგორც სტუდენტები და საერთო საცხოვრებლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, საფუძვლიანი რემონტი არ ჩატარებულა.

დერეფნებში, სადაც სტუდენტები ცხოვრობენ მაღალი ძაბვის სადენები ჭერზე გადის. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე 29.04.2016

დერეფნებში, სადაც სტუდენტები ცხოვრობენ მაღალი ძაბვის სადენები ჭერზე გადის. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე 29.04.2016


ირაკლი კუპრაძე უკვე თითქმის სამი წელია სტუდქალაქში ცხოვრობს. არჩევანის წინაშე- დაბრუნებულიყო ბათუმში, ან მოეძებნა ალტერნატიული საცხოვრებელი- მაშინ დადგა, როცა სამი წლის წინ  მის ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

“ვიღაცებისთვის სტუდქალაქი არის გადამწყვეტი, გააგრძელებს თუ არა სწავლას, ვინაიდან თბილისში ბინის ქირაობა ყველაზე დიდი სირთულეა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტისთვის,” – ამბობს ირაკლი.

საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მსურველი ბევრი სტუდენტია, ადგილები კი შეზღუდულია. როგორც სტუდქალაქის ადმინისტრაციამ “ნეტგაზეთს” უთხრა, სტუდენტებს განცხადებების საფუძველზე არჩევენ. ითვალისწინებენ რიგითობის პრინციპს, თუმცა პრიორიტეტს ისეთ ფაქტორებს ანიჭებენ, როგორიცაა სოციალურად დაუცველისა და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი.

ირაკლი კუპრაძის თქმით, როცა უკეთესი შესაძლებლობა არ გაქვს, ადვილად ეგუები მძიმე პირობებს და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც თსუ-ის კამპუსის მცხოვრებლები ყოველდღიურად დგებიან. სტუდენტი მთავარ პრობლემად უსაფრთხოებისა და ჰიგიენის საკითხს აყენებს.

“ხშირად ხდება მოკლე ჩართვები და აფეთქებები. აფეთქებებს ზამთარში ძირითადად იწვევს ის ფაქტორი, რომ ცენტრალური გათბობა არ არის. კუსტარულ ქურებს ვიყენებთ სტუდენტები, რომლის გამოყენების უფლებაც არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მათი გამოყენების პროცესში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა ოთახებში. საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა ფიზიკურად, თუმცა ოთახები მთლიანად დაიწვა,“ – ამბობს ირაკლი. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ მათ ხელწერილი დააწერინეს, რომლის მიხედვითაც ეკრძალებათ მსგავსი კუსტარული ქურების გამოყენება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ოთახს სხვანაირად ვერ ათბობენ, დღემდე ასე თბებიან და ამზადებენ საკვებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ მათ ხელწერილი დააწერინეს, რომლის მიხედვითაც ეკრძალებათ მსგავსი კუსტარული ქურების გამოყენება თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ოთახს სხვანაირად ვერ ათბობენ, დღემდე ასე თბებიან და ამზადებენ საკვებს. 29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ნეტგაზეთის” თხოვნით შენობა დაათვალიერა არქიტექტორმა მარიამ ბაქრაძემ. მისი აზრით, ასეთ სივრცეში რაც შეიძლება ნაკლები ალბათობა უნდა იყოს, რომ რამე უბედური შემთხვევა მოხდეს, თუმცა სტუდქალაქში ეს ნორმები დაცული არაა. 

„არ ვიცი, რა სიმძლავრის ცენტრალური კაბელებია დადგმული, მაგრამ ძალიან დიდი შესაძლებლობაა, როდესაც მთელ სართულზე და შენობაში ერთდროულადაა ჩართული [ქურები] და დატვირთვა როდესაც აქვს ამ ელექტროსადენებს, ხანძარი გაუჩნდეს ან მოკლე ჩართვა მოხდეს. დანარჩენი კაბელებიც არის ღიად. არის ძალიან კუსტარულად, რომელიც საშიშია“.

ამ პრობლემებზე საუბრობენ სტუდქალაქის ადმინისტრაციის წევრებიც. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ზაზა წიქაძის თქმით, რომელიც სტუდენტობის დროს თავადაც სტუდქალაქში ცხოვრობდა, ზოგჯერ სადენები ცხელდება და ალდება, თუმცა უნივერსიტეტის დაცვის სამსახური ცეცხლის დროულ ლოკალიზებას ახერხებს. 

29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

„ისეთი შემთხვევა, რომ სახანძრო გამოგვეძახა, არ ყოფილა. დამოკლება შეიძლება მომხდარა, რომ ცხელდება [სადენი], უცბად ალდება, თუმცა დროულადაა რეაგირება გაკეთებული. ერთხელ პური დაეწვათ ღუმელში და ამის გამო გაჩნდა ხანძარი,“ – ამბობს ზაზა წიქაძე. მისი თქმით, სადენების შეფუთვა ჭერის და კედლების დაზიანების გამო არ მომხდარა: „აქ თვითონ კედლები და ჭერია სარემონტო. კედელში უნდა ჩასმულიყო [სადენები], მაგრამ ამას სჭირდებოდა, ჩემი აზრით, თავიდან კაპიტალური რემონტი. ამის საშუალება კი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს არ აქვს”.

წიქაძის თქმით, თითოეულ შენობას ერთი ელექტრიკოსი ემსახურება, რომელიც პრობლემების აღმოფხვრაზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა გეგმიური შემოწმებები არ ხორციელდება. „სამი წლის წინ შეიცვალა ელექტროგაყვანილობა. პრობლემის აღმოფხვრაზე იმიტომ ვმუშაობთ, რომ ჩვენი სტუდენტების პრობლემები ჩვენი პრობლემებიცაა. ამას სჭირდება პერიოდული კი არა, ძირითადი მთლიანი კაპიტალური რემონტი, რომ საერთაშორისო სტანდარტებს მივუახლოვდეთ,“ – ამბობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ადმინისტრაციის თქმით, ცეცხლმაქრები საერთო საცხოვრებლის დაცვის ოთახში ინახება 29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ადმინისტრაციის თქმით, ცეცხლმაქრები საერთო საცხოვრებლის დაცვის ოთახში ინახება 29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ამ კუთხით კიდევ ერთ პრობლემას ხედავს არქიტექტორი მარიამ ბაქრაძე: „ხანძარსაშიში პირობები არის იმიტომ, რომ სართულებზე არ არის ცეცხლმაქრები“. მისი თქმით, არაა იმის საშუალება, რომ სტუდენტმა უცებ მოახდინოს რეაგირება ხანძრის გაჩენის შემთხვევაში.

„საჭიროა განგაშის მექანიზმის არსებობა. არ უნდა იყოს ეს იმაზე, რომ მოვიდეს დაცვის თანამშრომელი, ჩამოირბინოს მთელი შენობა და გააგებინოს [სტუდენტებს], ვაი, რაღაცა ხდება. დაცვას კი აქვს ცეცხლმაქრი, მაგრამ სანამ სტუდენტი დაცვამდე მივა, შეიძლება ყველაფერი ფატალურად დასრულდეს,“ – ამბობს ბაქრაძე.
უსაფრთხოებასთან ერთად მთავარ პრობლემად ირაკლი კუპრაძე ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემას ასახელებს.

„ერთ სართულზე, რომელიც 100-მდე სტუდენტს ემსახურება, არის ძალიან მცირე რაოდენობით საპირფარეშო და აბაზანა და ისიც საკმაოდ გაუმართავი. ერთი  წყალგამაცხელებელია და გვიწევს საკმაო  სირთულეების გადალახვა იმისთვის, რომ სარეცხი მაინც გავრეცხოთ. რიგია, ზოგჯერ ღამის 4-ზე და 5-ზე გვიწევს  მაღვიძარის დაყენება ან დილის საათებში, რომ ავდგეთ და ცხელი წყლით მივიღოთ აბაზანა და ეს, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა,“

29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოვერაძე

თსუ-ის საერთო საცხოვრებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამი წლის წინ კამპუსში საპირფარეშოები გარემონტდა, თუმცა წყლები ჟონავს. 29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოვერაძე

“[სააბაზანოები] საერთოა, თითო აბაზანას დაახლოებით 25 სტუდენტი მოიხმარს. ჩვენ გადავწყვიტეთ ცოტა გლობალური რემონტი ჩავუტაროთ ამ გაყვანილობას. რამდენიმე წყლის გამაცხელებელი წყობიდან გამოვიდა და შესაცვლელია, ზაფხულში ვაპირებთ ამის მოგვარებას“ – ამბობს ზაზა წიქაძე.

შენობის ზედაპირული დათვალიერებისას პრობლემები შენიშნა არქიტექტორმა მარიამ ბაქრაძემ. მისი თქმით, შენობის მდგრადობა დარღვეულია.

"დავინახე კონსტრუქციული პრობლემებიც. დაზიანებულია მზიდი კედლები და საჭიროა ამ დარღვევების დროულად გამოკვლევა და ლოკალიზება,“ - ამბობს არქიტექტორი მარიამ ბაქრაძე, რომელმაც შენობა დაათვალიერა. 29.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/ მარიამ ბოგვერაძე

“დავინახე კონსტრუქციული პრობლემებიც. დაზიანებულია მზიდი კედლები და საჭიროა ამ დარღვევების დროულად გამოკვლევა და ლოკალიზება,“ – ამბობს არქიტექტორი მარიამ ბაქრაძე, რომელმაც შენობა დაათვალიერა.
29.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/ მარიამ ბოგვერაძე

სტუდენტები საუბრობენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც: „კარ-ფანჯარა ათეული წლების დამონტაჟებულია და დროის ფაქტორიდან გამომდინარე, ცვეთა განცდილი აქვს და დეფორმირებულია. საკმაოდ ცივა ბაგების ტერიტორიაზე და სითბოს შენარჩუნება ამ დეფორმირებული კარ-ფანჯრის პირობებში საკმაოდ რთულია. ახლა ქარიანი ამინდები რომ იყო, დაახლოებით ათამდე თუ თხუთმეტამდე კარი ჩაიმტვრა.  ჩემთანაც კარი ჩაიმტვრა. ჩვენი სახსრებით გვიწევს, რომ მინა ჩავსვათ, რა თქმა უნდა, და ჯერჯერობით პირსახოცი გვაქვს გაკრული კარებზე, რომ ქარისგან იყოს დაცული, სანამ ფულს მოვაგროვებთ მინისთვის,“ – ამბობს კუპრაძე.

საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისთვის სტუდენტები ყოველთვიურად 30 ლარს იხდიან,  გადასახადი კომუნალურ ხარჯებსაც ითვალისწინებს, ხოლო ოთახის კეთილმოწყობას სტუდენტები თავად უზრუნველყოფენ.

თამთა ნაბორაშვილი ერთ-ერთია, ვინც საკუთარი ოთახი თავისივე ხარჯებით შეაკეთა. 29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თამთა ნაბორაშვილი ერთ-ერთია, ვინც საკუთარი ოთახი თავისივე ხარჯებით შეაკეთა. 29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

„გადასახადებია იმდენად დაბალი, რომ ბევრისთვის ფუფუნებაცაა აქ ცხოვრება. მე რომ შემოვედი, [ოთახი] ვიზუალურად ასეთი არ იყო. არ გზღუდავენ ამ მხრივ, გააკეთე, რაც გინდაო. 30 ლარს რომ იხდი, მეტი რა უნდა მოითხოვო, თორემ უკეთესი პირობები ვის არ უნდა?!“ – ამბობს მაგისტრატურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი თამთა ნაბორაშვილი.

თსუ-ისგან საერთო საცხოვრებელს ბიუჯეტი გამოყოფილი არ აქვს და თანხების გაცემა მოთხოვნის შემდეგ ხდება.

„მოთხოვნის შესაბამისად გვინდოდა კარების გამოცვლა და თავი შეიკავეს [უნივერსიტეტმა] იმიტომ, რომ ვერ მოიძიეს ეს თანხა,“ – გვითხრეს საერთო საცხოვრებლის ადმინისტრაციაში.

გარდა ამისა, ორივე შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა. „ჯერ ნივთი უნდა იყოს შენი და მერე უნდა ჩაუტარო რემონტი. ნელ-ნელა, ეტაპობრივად გადმოგვეცემათო, წელიწადზე მეტია ეს პროცესები მიმდინარეობს,“ – ამბობს ზაზა წიქაძე. მისი თქმით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სტუდენტებისთვის სამრეცხაოს არარსებობაა. სტუდქალაქის ადმინისტრაციის ინიციატივით, საერთო საცხოვრებელში სამრეცხაოს მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ადმინისტრაციას იმედი აქვს, მაისის ბოლოსთვის ამ პრობლემის აღმოფხვრას მოახერხებენ.

29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

29.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სტუდქალაქში არც საერთო სივრცე მოიძებნება, სადაც სტუდენტები შეკრებას შეძლებენ. ირაკლი კუპრაძის თქმით, ადგილების სიმცირის გამო ადმინისტრაციამ დერეფნები,სტუდენტებთან შეთანხმების შემდეგ, თაბაშირ-მუყაოს ფილებით გადატიხრა, რათა რამდენიმე სტუდენტისთვის საცხოვრებელი მოეწყო.

“დარღვეულია სტუდენტური საცხოვრებლის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს და ზოგადად ქმნის ურთიერთობას, სამეცნიერო სივრცეს, სადაც იწყება მეგობრობა, გართობაც, მაგრამ ამ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე გართობა გვავიწყდება ხოლმე. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ადვილად ეჩვევი ამ პირობებს და მარტივია ამ პირობებში ცხოვრებ, როცა სხვა უკეთსი არ გაქვს” – ამბობს კუპრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი