ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთში ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი აშენდება

29 აპრილი, 2016 • 1958
სამეგრელო-ზემო სვანეთში ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი აშენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, სოფელ ცაცხვში ევროპული სტანდარტების ‪სანიტარული ნაგავსაყრელი ‬აშენდება, რომლის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში აშნდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან, ნაგავსაყრელი ეკოლოგიურად დაცული იქნება და მის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონული ნაგავსაყრელის პროექტს დროულს უწოდებს და აცხადებს, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობის და ოპერირების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. მისი განმარტებით, ნაგავსაყრელის მიმდებარედ გამწვანების ზოლი მოეწყობა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში არსებული ნაგავსაყრელი პოლიგონები დაიხურება და მხოლოდ ერთი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი იმუშავებს. რეგიონში უკვე დახურულია ხუთი ნაგავსაყრელი, ხოლო ერთი, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, წელს დაიხურება.

ადმინისტრაციის ცნობით, ახალ ნაგავსაყრელზე ასევე დაგეგმილია გაზის შემკრების სისტემის მოწყობა, რომელსაც მოსახლეობა სათბურებისთვის გამოიყენებს. ნაგავსაყრელზე მოეწყობა წყლის შეგროვებისა და გაფილტვრის სისტემა – ე.წ. რევერსული ორმოები.

წინასწარი პროექტი მხარის გუბერნატორს და ადგილობრივ მთავრობას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა წარუდგინა. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია

წინასწარი პროექტი მხარის გუბერნატორს და ადგილობრივ მთავრობას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა წარუდგინა. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი