ახალი ამბებისაზოგადოება

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტუდენტებთან შეხვედრის ძირითადი აქცენტები

28 აპრილი, 2016 • 1684
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტუდენტებთან შეხვედრის ძირითადი აქცენტები

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სტუდენტებს შეხვდა. დარეჯან თვალთვაძემ უნივერსიტეტში დაგეგმილ არჩევნებსა და წესდებაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.

“ჩვენი, ადმინისტრაციის ზოგადად და პირადად ჩემი, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უმთავრესი ამოცანა არის იმ პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, რაც უნივერსიტეტში შეიქმნა იმ პრობლემების გამო, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, დამთავრდა რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით და აკადემიური საბჭოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადადგომით. აკადემიური საბჭოს არჩევით დაიწყება ეს პროცესი – მისი გაფართოებული შემადგენლობით არჩევით. პარალელურად მოხდება წესდებაში ცვლილებების შეტანა. აირჩევა კანცლერი და ყველაფერი დამთავრდება უმთავრესი საქმით, ეს არის უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევა, რომელიც სავარაუდოდ ამ პროცესის დამაგვირგვინებელი აქტი იქნება,” – ამბობს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

შეხვედრას “აუდიტორია 115”-ის და სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ნაწილიც ესწრებოდა. “აუდიტორია 115”-ის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი შეხვედრას როგორც თსუ-ის სტუდენტები და არა როგორც ერთი კონკრეტული სტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ელისაბედ გეგენავამ გაიხსენა, რომ დარეჯან თვალთვაძე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანადმდებობას იკავებდა. მისი თქმით, ამ პერიოდში ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესები აფიქრებინებს, რომ დარეჯან თვალთვაძე საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს:

“თქვენ იყავით დეკანი, როდესაც უნივერსიტეტში ხდებოდა ლექტორების უნვერსიტეტში ჩაკეტვა, ლექტორების პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტიდან გაძევება და მსგავსი ათასი მახინჯი პარტიული თამაშების წარმოება. მე ძალიან მიჭირს იმის იმედი მქონდეს, რომ თქვენ თავიდან აიცილებთ ამ პარტიულ თამაშებს, თქვენზე ვერ მოახდენენ ზემოქმედებას და არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ. მე პირდად ვითხოვ თქვენგან იმის საჯარო პირობას, რომ თუკი ვინმე ჩაერევა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესში, დადგება თქვენი პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ვითხოვ იმის პირობას, რომ თქვენ მოითხოვთ ყველა საღად მოაზროვნე სტუდენტთან ერთად იმას, რომ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და იმედი მაქვს, ასევე გამოიჩენთ კეთილ ნებას და თავად არ იყრით კენჭს რექტორის არჩევნებზე”.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ხოლო კითხვაზე – აპირებს თუ არა რექტორის თანამდებობაზე კენჭისყრას, დარეჯან თვალთვაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მას არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სურვილი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ არაფერია გამორიცხული.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი პაატა ბახტურიძეც. ბახტურიძემ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს სთხოვა, არ დაუშვას უნივერსიტეტის შიდა საქმეებში სახელმწიფოს ჩარევა.

“როცა განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და პრემიერმინისტრი ისე დააბიჯებენ უნვიერსიტეტში და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს ბატონი იყოს თავის რანჩოში, ამ სიტუაციაში, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ჩარევის მცდელობა. მე მინდა ჩამოგართვათ პირობა თქვენ იმისა, რომ თუ იქნება ასეთი ფაქტები, სანამ პასუხისმგებლობამდე მივალთ, მანამდე მე მინდა პირობა დადოთ, რომ ჩვენ, სტუდენტებს დასახმარებლად მოგვმართავთ და ჩაგვრთავთ ამ პროცესებში. უნივერსიტეტის რექტორის საქმიანობაც, კანცლერის საქმიანობაც  და ყველას საქმიანობა არის პირდაპირპროპორციულად ნაყოფიერი იმისა, თუ რამდენად დიდია ჩართულობა სტუდენტების”.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ის მზადაა უახლოეს მომავალში შეხვდეს ყველა დაინტერესებულ სტუდენტურ ჯგუფს და მათთვის საინტერესო საკითხები განიხილოს. რაც შეეხება რექტორის არჩევნების საკითხს, დარეჯან თვალთვაძის თქმით, ის არ იზიარებს ვლადიმერ პაპავას აზრს, რომ რექტორის არჩევნები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ ჩაივლის. თვალთვაძე ამბობს, რომ პროცესების წინასწარ პროგნოზირება არ შეუძლია. მისი თქმით, უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა და თუ იქნება ამ ავტონომიურობაში ჩარევის რამე მცდელობა, ის ამას დაუპირისპირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი