ახალი ამბები

რას აპირებს კანონის ცვლილების შემდეგ ბაღი, სადაც შერეული ჯგუფები პედაგოგიკის ნაწილია

28 აპრილი, 2016 • 2534
რას აპირებს კანონის ცვლილების შემდეგ ბაღი, სადაც შერეული ჯგუფები პედაგოგიკის ნაწილია

პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ბაგა-ბაღებში შერეული ასაკობრივი ჯგუფები აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ბაღს შეუძლია სხვადასხვა ასაკის 10 ბავშვის შემადგენლობით შექმნას ჯგუფი.

თბილისის ვალდორფის თავისუფალი ბაღის პედაგოგიკა შერეულ ასაკობრივ ჯგუფებს ეფუძნება. ნეტგაზეთი ამ პედაგოგიკასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვალდორფის ბაღის აღმზრდელს, მარიკა ჩხიკვაძეს ესაუბრა.

 

რატომ ხელმძღანელობს ვალდორფის ბაღი შერეული ასაჯობრივი ჯგუფების მეთოდიკით, რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდს?

ვალდორფის პედაგოგიკა საკმაოდ გამოცდილი პედაგოგიკაა, უკვე ასწლიანი ისტორია აქვს, პირველი საბავშვო ბაღი 1921 წელს დაარსდა. დღიდან დაარსებისა, არსებობს შერეული ჯგუფები. ვალდორფის ბაღებში თუ რამე კეთდება, ნებისმიერი ქმედება, არის პედაგოგიურად ჩამოყალიბებული, პედაგოგიური საფუძვლებიდან გამომდინარეობს. ბავშვს ამ პერიოდში უნდა ჩამოუყალიბდეს ის მნიშვნელოვანი სოციალური უნარები, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის. ამ ასაკში უნდა ისწავლოს ურთიერთობა დიდებთანაც და პატარებთანაც, ამისთვის იდეალური არის შერეული ჯგუფები.

როცა უფროსი ასაკის ბავშვი ხედავს პატარას, მას უნდა გაუჩნდეს მზრუნველობა მის მიმართ და ესეც მიბაძვით ხდება, რადგან ბაღში რომ მოდის პატარა, აღმზრდელი უფრო მეტი მზრუნველობით ეპყრობა მას. დიდებიც ამას ბაძავენ და საკმაოდ დადებითად არიან პატარების მიმართ განწყობილი. პატარებისთვის დიდები არიან მისაბაძი მაგალითი და ისინი ცდილობენ, დაემსგავსონ თავიანთ უფროს მეგობრებს, მიბაძონ მათ ნებისმირ ქმედებაში. მათ თამაშში ჩართვის უფლება რომ აქვთ, არიან ძალიან ბედნიერები, როცა უფროსები მათ ასეთ დიდ ყურადღებას უთმობენ.

პირველ შვიდწლედში სწავლა მთლიანად არის აგებული მიბაძვასა და მაგალითზე. ბავშვს სიტყვით ნაკლებს ასწავლი, ვიდრე მაგალითებით. უფროსებს რომ ბაძავენ, ისინი თამაშ-თამაშით სწავლობენ თამაშს.

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რატომ არის სასარგებლო შერეული ჯგუფები?

უფროსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ პატარებზე არიან მზრუნველობით დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი უნარი. ისინი იხსენებენ იმ ასაკს, როცა იყვნენ პატარები და უფრო გულითადად უდგებიან პატარებს. როდესაც იცის ბავშვმა, როგორ უნდა იურთიერთოს თავისზე პატარასთან, თავისზე უფროსთან, იქვე არის კიდევ აღმზრდელი, რომელიც განსხვავებული ასაკის არის, ამ სოციალური უნარების დაუფლება მისთვის აღარ წარმოადგენს პრობლემას. ძალიან იშვაიათია ჩვენი ბაღიდან გაშვებული ბავშვი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა სკოლაში სოციალური ურთიერთობებთან დაკავშირებით.

მას მარტო სოციალური უნარები კი არ უყალიბდება, უყალიბდება ის, რომ, მაგალითად, უფროსები არიან თავის თავში დარწმუნებულები – როდესაც ხედავენ, რომ რაღაც არ შეუძლია პატარას, ხედავენ იმას, რომ მათ ამისი ძალა აქვთ და შეუძლიათ რაღაცის გაკეთება, ეს ძალიან დიდ თვითდაჯერებულებას იწვევს მათში. გვყოლია ბავშვები, რომლებიც ბაღში მოვიდნენ ძალიან გაუბედავები, მაგრამ რამდენიმე პერიოდის გასვლის შემდეგ საკმაოდ თავდაჯერებულები არიან. მათ იციან, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთებას შეძლებენ და ეს არის ზუსტად პატარების დამსახურება: ისინი ხედვენ, რომ ისინი პატარები არიან, რაღაც არ შეუძლიათ, მაგრამ თვითონ აქვთ ამისი ძალა.

ეს ბაღში მუშაობის შედეგია, რადგან მათ განსხვავებული დავალება ეძლევათ: მაგალითად, ვაშლევინებთ სუფრას, ვუშვებთ ეზოში რაღაცის გასაკეთებლად და ამ ყველაფერს აკეთებენ დამოუკიდებლად, მაგრამ ამის უფლება არ აქვს პატარას – ამას თვალნათლივ ხედავენ ჩვენი სასკოლო ასაკის ბავშვები.

ერთი და იმავე ასაკის ჯგუფები რატომ არის მიუღებელი თქვენი პედაგოგიკისთვის?

როდესაც ერთი ასაკის ბავშვები არიან ჯგუფში, უმეტესად არის კონკურენციის მომენტი –  ერთმანეთს ეჯიბრებიან და არ არის სოციალური მომენტი, რომ დაეხმაროს ვიღაცას და გვერდში ამოუდგეს.

ჩვენი პედაგოგიკა ცნობილია, როგორც უნარების მაფორმირებელი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ უნარებზე. ამისი გაკეთება, როდესაც შერეული ჯგუფები არის, ძალიან ადვილია. რომ დააკვირდეთ, თითქოს 3 წლის ბავშვები ცალკე თამაშობენ, მაგრამ მუდმივად ჰყავთ ყურადღების ცენტრში უფროსი მეგობრები, – რას აკეთებენ, როგორ აგებენ თამაშს და რა ინტერესები აქვთ მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხედავენ ამ ქმედების პროცესს, როგორ მუშაობენ უფროსი მეგობრები.

იანვრის შემდეგ ვიწყებთ სასკოლო სამუშაოების კეთებას უფროსი ასაკის ბავშვებთან ერთად. პატარები ამას უყრებენ. თვითონ ჯერ კიდევ არ აქვთ სურვილი იმიტომ, რომ თავის თავში არ არიან დარწმუნებული, რომ ეს სამუშაო გამოუვათ, მაგრამ ამ ქმედების პროცესს რომ ხედავენ, უკვე უღვიძებთ სურვილს იმისთვის, რომ შემდეგში თვითონაც ასეთი აქტიურები და ქმედითები იყვნენ.

მათ იციან, რომ როდესაც ჯგუფში არიან დიდები, მათ უფრო ბევრი რაღაცის უფლება აქვთ, ვიდრე პატარებს. მაგალითად, შეუძლიათ ჩაატარონ თოჯინების თეატრი და ეს აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოაწყონ, ნებისმიერი ნივთი გამოიყენონ, როგორც თვითონ უნდათ. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თოჯინების თეატრს ამზადებენ პატარებისთვის

იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ლაპარაკი მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, ხომ არ ეცადეთ დაკავშირებოდით ავტორებს, ხომ არ გაიარეთ კონსულტაციები იურისტთან, რომ გავლენა მოგეხდინათ ამ კანონპროექტის ინიციატორებზე და მათ მოესმინათ თქვენი არგუმენტები?

სამწუხაროდ, გვიან გავიგეთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. პირველი მოსმენით უკვე იყო გატანილი პარლამენტში. მაშინვე გავაქტიურდით, დაიწერა წერილი პარლამენტში და გვქონდა შეხვედრა ქალბატონი ეკა ბესელიას აპარატის წევრთან, მაგრამ მან გვითხრა, რომ ახლა საკმაოდ გვიანია.

ჩვენ იმას კი არ ვითხოვთ, რომ კანონპროექტი მთლიანად შეიცვალოს. ვითხოვთ იმას, რომ ჩვენც გაგვითვალისწინონ – შერეული ასაკობრივი ჯგუფებით. არის კანონპროექტში ერთ-ერთი მუხლი, სადაც შერეულ ასაკობრივ ჯგუფებზეა საუბარი, მაგრამ 10 ბავშვზეა ლაპარაკი. 10 ბავშვი ძალიან ცოტა არის შერეული ასაკობრივი ჯგუფისთვის, იმიტომ, რომ თითოეული ასაკობრივი კატეგორია 4-5 მაინც უნდა იყოს ჯგუფში, რომ ეს მუშაობა კარგად შედგეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის მუშაობისთვის. მე დაახლოებით 28 ბავშვი მყავს ჯგუფში და ძალიან კარგად ვმუშაობთ, ეს არ არის მარტო ბიზნეს-ინტერესები, როგორც დღეს ითქვა. ჩვენ ბაღს არასოდეს არ აქვს ბიზნეს-ინტერესები, ყოველთვის ბავშვების ინტერესებიდან გამოვდივართ.

თუ მიიღო პარლამენტმა მესამე მოსმენით ეს კანონპროექტი და იქცა კანონად, თქვენ როგორ მოიქცევით, ადაპტირდებით ახალ კანონმდებლობასთან, თუ დახურვის საშიშროების წინაშე დადგება ბაღი?

დახურვით არ მგონია, რომ დავხუროთ, მაგრამ ვერც იმას ვერ გავითვალისწინებთ, რასაც ისინი გვეუბნებიან, იმიტომ, რომ პედაგოგიკიდან გამომდინარე, უნდა იყოს აუცილებლად შერეული ჯგუფები. გერმანიაში არა მარტო ვალდორფის ბაღი, არამედ ნებისმიერი ბაღი შერეული ასაკობრივი კატეგორიით არის დაკომპლექტებული. ისინი თვლიან, რომ სოციალური მომენტი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტად ეს უნარი უნდა ჩამოყალიბდეს ბაღის ასაკში.

თქვენ არ გსურთ, შერეული ასაკობრივი მოდელი დათმოთ და კვლავ ასე განაგრძოთ მუშაობა, მაგრამ კანონი ადგენს, რომ მხოლოდ ერთი და იმავე ასაკის ჯგუფები უნდა შედგეს. აქ როგორ მოახერხებთ მუშაობას?

მოგვიწევს ალბათ ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩართვა. ეს პედაგოგიკა მსოფლიოს 60 ქვეყანაში მუშაობს. არსებობს ვალდორფის პედაგოგიკის კავშირი და ალბათ დავუკავშირდებით მათ და ვთხოვთ დახმარებას, რომ მხარში დაგვიდგნენ. როგორც ჩანს, ვალდორფის ერთი ბაღის ასეთი პროტესტი არ ჭრის და ვთხოვთ, რომ ისინიც დაგვეხმარონ.

ვფიქრობ, შეიძლება კანონი შემდეგში შეიცვალოს.  დიდი იმედი მაქვს. თუ დავამტკიცეთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პედაგოგიკა, რომელიც მართლა ბავშვის ინტერესიდან გამოდის, იცის თითოეული ასაკობრივი თავისებურება, რომელი ასაკის ბავშვიც ჰყავს ჯგუფში. 5 ჯგუფი არსებობს ბაღში და ხუთივე აღმზრდელს განათლება გვაქვს მიღებული ევროპაში, ანუ საკმაოდ კვალიფიციური აღმზრდელები არიან, რომლებმაც თითოეული წვრილმანი იციან ბავშვის შესახებ. კარგად ვიცნობთ ბავშვის ფსიქოლოგიას და მის მნიშვნელობას. ვეცდებით, რომ ეს დავამტკიცოთ, შევხვდეთ ისევ კანონპროექტის ავტორებს და სამომავლოდ მოხდეს კანონპროექტში ცვლილებების შეტანა.

ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ყველა ბაღი იყოს ჩვენნაირი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენნაირებიც არსებობდნენ და თუ ვინმეს გაუჩნდა კიდევ სურვილი, რომ ჰქონდეს შერეული ასაკობრივი ჯგუფი, მათაც ჰქონდეთ კანონიდან გამომდინარე მუშაობის უფლება.

ჩვენ ამისი დამტკიცება ნამდვილად შეგვიძლია. თითოეული დეტალი გათვლილი გვაქვს და თითოეული დეტალის მნიშვნელობა ვიცით. ისიც ვიცით, რატომ არის შერეული ჯგუფები მნიშვნელოვანი. თუნდაც ხატვის დროს, პატარა ბაძავს დიდს და მერე უჩნდება სურვილი, რომ დახატოს ლამაზად. თავისი ასაკისას კი არ ბაძავს, რომ ხედავს, რომ გვერდით უკეთესად ხატავს უფროსი და უფრო მეტი შეუძლია, ცდილობს დაემსგავსოს დიდს. ნებისმიერი ქმედება არის მნიშვნელოვანი ბაღის ასაკში და ამ ყველაფერს ვაქცევთ ყრადღებას.

ის, რომ ბიზნეს-ინტერესები გვამოძრავებს, ნამდვილად არ არის მართალი იმიტომ, რომ ჩვენი ბაღი არ არის მომგებიანი ბაღი. ჩვენ ვმუშაობთ ბავშვების ინტერესებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი