ახალი ამბებისაზოგადოება

ცირამუა: არ არსებობს მიზეზი ბაღებში შერეული ჯგუფების შექმნის აკრძალვისთვის

28 აპრილი, 2016 • 1983
ცირამუა: არ არსებობს მიზეზი ბაღებში შერეული ჯგუფების შექმნის აკრძალვისთვის

საქართველოს პარლამენტმა II მოსმენით მხარი დაუჭირა “ადრეული და სკოლამდელი განათლების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის თანახმად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები ერთი ასაკის ბავშვებით უნდა დაკომპლექტდეს. ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა კი 25-30 ბავშვს არ უნდა აღემატებოდეს.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას აზრით, ბაგა-ბაღებში შერეული ასაკობრივი ჯგუფების არსებობა დადებითად აისახება ბავშვების განვითარების პროცესზე და დაკომპლექტების პროცესის კანონით რეგულირება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება.

მაია ცირამუას თქმით, სხვადასხვა ასაკის ბავშვების უერთიერთობა მნიშვნელოვანია მათი ინტელექტუალური და სოციალური განვითარებისათვის. ადრეული აღზრდის დაწესებულებები, რომლებიც ბავშვთა აღზრდის პროცესში მსგავს მოდელს იყენებენ, უფროს ბავშვებს ერთგვარ “როლური მოდელის” (მისაბაძი მაგალითის) როლს ანიჭებენ და ისინი უმცროსი ჯგუფელების ინტეგრაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან.

“უმცროსი ბავშვისათვის ის გარემო, რომელშიც ის ხვდება, ახალია. ოჯახთან განშორება, ახალ გარემოსთან შეჩვევა მისთვის გამოწვევაა. როდესაც ის იმავე სივრცეში ხედავს მასზე მოზრდილ ადამიანს, ეს მისთვის ხდება გაყოჩაღების, გამხნევების შესაძლებლობა. ხშირად მცირეწლოვანი ბავშვების ჯგუფში ყველა ტირის და ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვი უარს ამბობს ბაღში წასვლაზე, რადგან მისთვის აუტანელია არა საკუთარი, არამედ სხვა ბავშვების ემოციები,” – ამბობს ცირამუა.

ფსიქოლოგის თქმით, ადრეული აღზრდის სისტემაში შერეული ჯგუფების არსებობა წინააღმდეგობაში არ მოდის მეცნიერულ ხედვებთან. მაგალითად, როგორებიცაა ლევ ვიგოტსკისა და ალბერტ ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიები.

“ლევ ვიგოტსკის თეორიის მიხედვით, სწავლების პროცესი წინ უსწრებს განვითარებას. ამ სწავლების პროცესში იგულისხმებიან მასზე უფროსი ადამიანები, როგორც მოზრდილები, ასევე მასზე მცირედით უფროსი ბავშვები. ბავშვი მიბაძვითაც კი იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მას ეხმარება ახალი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

ასევე, ეს პროგრამა აბსოლუტურ თანხვედრაშია ბანდურას თეორიასთან. რომელიც ამბობს, რომ ბავშვის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ მოდელს. ბავშვი სწავლობს თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის სამყაროს მოდელის შესახებ; სწავლობს საზოგადოებაში ინტეგრაციას. ეს არის საზოგადოების პატარა მოდელი. მისი განვითარებისათვის მრავალფეროვანი გარემო მნიშვნელოვანია.”

შერეული ტიპის ჯგუფებს ასევე აქვს უარყოფითი მხარეები. ფსიქოლოგის თქმით, ხშირია კონფლიქტი უმცროსებსა და უფროსებს შორის. უმეტესაც უფროსები ცდილობენ დაჩაგრონ პატარები. მსგავსი პრობლემების მოგვარება კვალიფიციურმა პედაგოგმა უნდა შეძლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, პროექტში კომპეტენტური პირები ჩაერთონ და ბაღებმა პერსონალის გადამზადება უზრუნველყონ:

“უფროსმა ბავშვემა შეიძლება დაჩაგრონ პატარები, ან პირიქით, უფროსებს შეიძლება უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროთ – არსებობს ჩვენს კულტურაში დამოკიდებულება: “დიდი ხარ და უნდა მოითმინო, დაუთმე”, რაც ბავშვებში უსამართლობის განცდას ტოვებს. ეს არის ის ძირითადი რისკი, რაც ზოგადად, ამ პროგრამას შეიძლება ახლდეს თან. ეს ყველაფერიც არის სრულიად მოგვარებადი, თუ აღმზრდელს, რომელიც მუშაობს შერეულ ჯგუფებთან, აქვს ურთიერთობის უნარი და გააჩნია შესაბამისი გამოცდილება. მას უნდა შეეძლოს იმგვარად ააგოს საკომუნიკაციო პროცესები, რომ უმცროსი და უფროსი ბავშვების რესურსები ისეთნაირად გადანაწილდეს, რომ მათ ერთმანეთი გააძლიერონ.”

მაია ცირამუა აღნიშნავს, რომ მოსალოდნელ აკრძალვაში კონკრეტულ მიზეზს, რომელიც ბავშვისათვის საზიანოა, ვერ ხედავს:

“ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა მოსაზრებით, მიზეზით შეიძლება, რომ ბაღებს აეკრძალოთ ბავშვების შერეულ ჯგუფებში მიღება. არ არსებობს არგუმენტები ამის საწინააღმდეგოდ. რატომ არ ვუტოვებთ სივრცეს იმ მშობლებს, რომლებსაც უნდათ, რომ აირჩიონ ალტერნატიული პედაგოგიკა? მშობელს უნდა მქონდეს იმისი უფლება, რომ გავაკეთო თავისუფალი არჩევანი – ის, რაც მათი აზრით, ბავშვისათვის უმჯობესია.”

სკოლამდელი განათლების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ცირამუას აზრს იზიარებენ ამ სფეროს ექსპერტებიც, რომლებმაც შესაბამისი წერილით 15 აპრილს მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას. მათი განცხადებით, კანონი არ უნდა ზღუდავდეს სკოლამდელი განათლების სისტემაში მრავალფეროვანი პროგრამების ჩამოყალიბებას.

დღეს ამ საკითხზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბერძენიშვილმა და ეკა ბესელიამ იკამათეს. “რესპუბლიკური პარტია” კანონპროექტის იმ მუხლს არ ეთანხმა, რომელიც ბაგა–ბაღებში ჯგუფების დაკომპლექტების წესს ეხება. პარტიის მიერ ჯგუფების დაკომპლექტების შესახებ მომზადებული ალტერნატიული წინადადება პარლამენტმა ჩააგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი