ახალი ამბები

არასამთავრობოები ხელისუფლებას ივანიშვილის დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

20 ოქტომბერი, 2011 • • 1093
არასამთავრობოები ხელისუფლებას ივანიშვილის დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას გმობენ.

ამის შესახებ  არასამთავრობოების ერთიან განცხადებაშია აღნიშნული.

”ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებები, შეშფოთებულნი ვართ ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის გამო. როგორც მიმდინარე მოვლენებიდან იკვეთება, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაუსწორდეს ახალ პოლიტიკურ ოპონენტს და არ მისცეს მას საშუალება, განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.

როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განმარტა, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი გახდა მის მიერ 2011 წლის 7 ოქტომბერს გავრცელებული განხცხადება, რომელიც შეიცავდა რეესტრისთვის საგულისხმო ახალ ინფრომაციას მის მიერ უცხო ქვეყნის, კერძოდ – საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების თაობაზე.  „სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხორციელდა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვაპროტესტებთ აშკარა კანონდარღვევებს, რაც თან ახლავს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ფაქტს.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ე. წ. ნატურალიზაციის გზით 2004 წელს მოიპოვა. ასეთ შემთხვევებში დაინტერესებულ პირს საქართველოს მოქალაქეობას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარდგენის საფუძველზე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, ან განკარგულებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლით აღიარებულია დაინტერესებული მხარის უფლება, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ადგენს,  ცვლის, ზღუდავს ან აუქმებს მის უფლებებსა და მოვალეობებს. ასეთ პირს ეძლევა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.

იმავე კოდექსის 98-ე მუხლი ადგენს დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას. ასევე უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე არ არის ინფორმირებული ბიძინა ივანიშვილი და, შესაბამისად, უცნობია, რა სამართლებრივი გადაწყვეტილებაა ამ დროისთვის მიღებული მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება წარმოების წესების უგულვებელყოფით შემაჯამებელი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია. ამავე დროს, მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, დადგენილია პასუხისმგებლობა მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელეთა არაკომპეტენტური და უკანონო მოქმედებების გამო.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილს არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და სახელმწიფო სტრუქტურების უკანონო მოქმედება ან მოვალეობათა შეუსრულებლობა შესაბამისი ორგანოების მხრიდან ხელისუფლებისავე პასუხისმგებლობას იწვევს.

ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობას ადასტურებს შემდეგი დოკუმენტები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის განკარგულება #484 ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე;
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა – გაცემულია 2006 წლის 7 მარტს;
3. საქართველოს პასპორტი – გაცემულია 2006 წლის 13 მარტს;
4. ბოლოს, საქართველოს პასპორტი გაცემულია, 2010 წლის 29 ივნისს;
5. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ბოლო მონაცემებით, მათ შორის 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების მონაცემებით.

ბიძინა ივანიშვილმა, ამავდროულად, საზოგადოებას გააცნო საკუთარი არჩევანი და 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ უარს ამბობს საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობაზე და მზად არის, ჩააბაროს ამ ქვეყნების პასპორტები შესაბამისი პროცედურით.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიზანია, ბიძინა ივანიშვილს არ მისცეს საშუალება, ჩამოაყალიბოს პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტის სახით. შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე განცხადება გაავრცელა.

განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, უკვე იყო საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქე მანამდე, სანამ საქართველოს პრეზიდენტი მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებდა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და სამართლებრივი ნონსენსია მისთვის ამ მოქალაქეობის ჩამორთმევა ახლა. მას, მეუღლისგან განსხვავებით, უფრო მოგვიანებით (თითქმის ორი დღის შემდეგ) ჩამოართვეს მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკოს მამაკაცების დასჯა-დაშინების ტრადიციას მათი მეუღლეების, დების, დედების დასჯით. ეს სრულიად აღმაშფოთებელი და კატეგორიულად დაუშვებელია.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მიხედვით, პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში არც პარტიის შექმნა შეუძლია და არც პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსება. კერძოდ, პარტიას ეკრძალება ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება  სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;

ამასთან, პრეზიდენტად და დეპუტატად მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება აირჩეს.

ასევე, კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

მივმართავთ:

1) საქართველოს პრეზიდენტს და უფლებამოსილ ორგანოებს, შეწყვიტონ პოლიტიკური მოტივებით ბიძინა ივანიშვილის დევნა და საშუალება მისცენ მას, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

2) საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანონ ეს შემთხვევა და საქართველოს ხელისუფლებას არ მისცენ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შელახვის საშუალება,” – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება თავდაპირველად ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” გამოაქვეყნა. განცხადებას ხელს სავადასხვა არასამთავრობოებიც აწერენ: ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი”, ”ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ეროვნული კომიტეტი”, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”, “სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისთვის”, “საზოგადოებრივი დამცველი”, “საქართველოს ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი”, “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი”, “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”, “კავკასიის ქალთა ქსელი”, “ჯანმრთელი სამყარო” და “ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი