ახალი ამბები

პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

28 აპრილი, 2016 • 1174
პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

27 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდიანრე საკანონმდებლო ცვლილებები “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში. პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტს 80 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კანონპროექტს მხარს არ უჭერს “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან  “სამართალწარმოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად,  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ  სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე უნდა შევიდეს. დღეს მოქმედი ნორმა სწორედ ასეთია.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებაზე უარი დასაშვებია, თუ ის გამოსაქვეყნებლად ამ კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნების დარღვევით არის წარდგენილი.“

კანონპროექტის ძალაში შესვლისა და გამოქვეყნების საკითხთან დაკავშირებით ვარიანტს არც “რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციის წევრები უჭერენ მხარს. როგორც პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მომხსენებელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, კანონპროექტის ამ ნაწილებზე მოლაპარაკება გაგრძელდება.

კანონპროექტის მიხედვით,  “სამართალწარმოების შესახებ” კანონის 32-ე მუხლს უნდა  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან დასკვნას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით უნდა დაერთოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ხელმოწერა და, არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი.“.

 

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით,  საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება  ახალი წევრის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ასევე,  საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზედაც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

ამავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე. თუ არჩევის მომენტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან მისი მოადგილეობის კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 5 წელზე ნაკლები, ის თანამდებობაზე აირჩევა სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. ხოლო  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.

” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით. საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს ზემომითითებულ პირებს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შესთავაზოს საკუთარი კანდიდატურა,”- აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ ხუთმა წევრმა. კენჭისყრაში ხმის უფლებით არ სარგებლობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატი, რომელსაც უყრიან კენჭს. ამასთან, თუ კანდიდატმა, რომელიც კენჭს იყრის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის თანამდებობაზე, ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, 3 დღის ვადაში, ამ კანონპროექტით განსაზღვრული წესის შესაბამისად,  სახელდება ახალი კანდიდატურა, რომელიც არჩეულად ჩაითვლება ამ პუნქტით დადგენილი ხმების მოპოვების შემთხვევაში.“.

ცვლილებების მიხედვით,  საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთაგან, პლენუმზე, ღია კენჭისყრით, 5 წლის ვადით. მდივნის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი არჩევისათვის საკმარისია კენჭისყრაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა.

ხოლო კანონპროექტის მეთექვსმეტე მუხლის თანახმად,  საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მისი წინამორბედის უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მიუხედავად.

თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება იმ დროს, როდესაც იგი მონაწილეობს საქმის განხილვაში, კანონპროექტის თანახმად,  მას მხოლოდ ასეთი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიზნით უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დაევალოს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუ მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები:

“საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაუგრძელდა უფლებამოსილება, არ შეიძლება ეკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის ან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა და იგი არ ღებულობს მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მუშაობაში, თუ საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის ან მდივნის არჩევას,” – ვკითხულობთ კანონპროექტში.

ცვლილებებით ასევე არაკონსტიტუციურადაა ცნობილი, თუ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნება, რის შემდეგაც ის შეიძლება ასევე გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.

მოქმედი კანონის 25-ე მუხლის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. ასეთი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ ბევრ შემთხვევაში მიიღო, მათ შორის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სარჩელებთან დაკავშირებით. ეკა ბესელიას კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით კი, ცვლილებები ამ მუხლშიც შედის, კერძოდ:

“თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე, პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების, ან შეჩერებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს კოლეგია ან პლენუმი, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.“

ცვლილებების მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ქვეყნდება ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

“კანონპროექტის მიზანია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული ხარვეზების გასწორება,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი