საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს, აქედან 1 772 864 კაცი და 1 940 940 ქალია. ეს არის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგი. მოსახლეობის რაოდენობა წინა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით 15%ით ნაკლებია. შედეგების პრეზენტაცია საქსტატმა დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა.

აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 122 623 ადამიანი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 ადამიანი შეადგინა. ქალაქის მოსახლეობა წინა აღწერასთან შედარებით 7.1%-ით შემცირდა, ხოლო სოფლის 23.7%-ით.

გასული წლების განმავლობაში ყველაზე მეტად  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა შემცირდა – 37.4%-ით. სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 29%-ს უტოლდება, მხეთა-მთიანეთში- 24.8%-ს, იმერეთში- 23.4%-ს, კახეთში- 21.6%-ს, გურიაში- 21%-ს, შიდა ქართლში- 15.7%-ს, ქვემო ქართლში- 14.6%-ს, ხოლო აჭარაში – 10.6%-ს. თბილისის მოსახლეობა კი 2.5%-ით გაიზარდა.

აღწერის მონაცემებით, 0-14 წლამდე მოსახლეობა ქვეყნის 18.6% პროცენტია, 15-64 წლის- 67.1% და 65 წელს ზემოთ – 14.3%. 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 2014 წელს 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მოსახლეობაში 2.4%-ით შემცირდა და 18.6% შეადგინა. ასევე, 0.8%-ით გაიზარდა 15-64 წლის მოსახლეობის წილი. ამავე მონაცემებით, 1.6%-ით გაიზარდა 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში.

მოსახლეობის პროცენტული განაწილება ეროვნების მიხედვით: 87% ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 0.4% ოსი, 1% რუსი, 1% სხვა.

აღწერის მიხედვით, რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის მონაცემები ასე გადანაწილდა: 83% მართლმადიდებელი, 11% მუსლიმი, 3% სომხური-სამოციქულო ეკლესია, 1% კათოლიკე, 0.5% არც ერთი, 1% სხვა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები გასული წლის აპრილში გახდა საჯარო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი