ახალი ამბები

საგარეო უწყება: თურქეთისთვის ტერიტორიის გადაცემის შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება

27 აპრილი, 2016 • 2182
საგარეო უწყება: თურქეთისთვის ტერიტორიის გადაცემის შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 27 აპრილს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკისათვის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით,სინამდვილეს არ შეესაბამება.

“საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია დასრულდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. 1992 წელს მხარეებმა აღიარეს ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი. აქედან გამომდინარე, დღეს საზღვართან და მის ცვლილებასთან  დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებები და შეთანხმება გამორიცხულია.

ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი. ამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე- ჯაყისწყალი და ქარზამეთისწყალი- ხორციელდება სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენა ხდება 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით.

საკითხი, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოექცა თურქული მედიის ყურადღების ცენტრში, რაც 2016 წლის 20 აპრილს გაიმართა ექსპერტთა მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მოინახულეს თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციაში, სოფელ იურთბექლერის მიმდებარედ სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის აღსადგენი კალაპოტი, სადაც სპეციალისტებმა აღსადგენი კალაპოტის ღერძი დაკვალეს სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით, რედემარკაციის მასალებით განსაზღვრული კოორდინატების შესაბამისად. ანალოგიური სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში იგეგმება მდინარე ქარზამეთისწყალზე”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

Screen Shot 2016-04-27 at 7.51.59 PM

თურქეთში გამომავალი გაზეთის, daily sabah-ის ინფორმაციით, საქართველომ  თურქეთს 6 ჰექტარის ფართობის ტერიტორია დაუბრუნა, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც საზღვართან მდებარე პატარა მდინარემ კალაპოტი იცვალა. გამოცემის ცნობით, მდინარემ საზღვარი 1970-იან წლებში იცვალა და 15 საფეხბურთო მოედნის ფართობის ტერიტორია საქართველოს საზღვრებში აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი