ახალი ამბები

ომბუდსმენი: არასრულწლოვანი პატიმრები მე-11 დაწესებულებიდან განმარტების გარეშე გადაჰყავდათ

27 აპრილი, 2016 • 1246
ომბუდსმენი: არასრულწლოვანი პატიმრები მე-11 დაწესებულებიდან განმარტების გარეშე გადაჰყავდათ

ომბუდსმენის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2015 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების მიზნით, არასრულწლოვანი პატიმრები სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან არაერთხელ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

“ამასთან, არც ერთი მათგანის მიმართ რაიმე ტიპის დისციპლინური სახდელი არ გამოყენებულა. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ გადაყვანის მიზეზი მათთვის უცნობი იყო,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მსჯავრდებული არასრულწლოვნების N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში დროებით გადაყვანის მართლზომიერების შესახებ.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ სასჯელაღსრულების N2 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირია კონფლიქტები არასრულწლოვან პატიმართა შორის. მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, დაფიქსირდა ჯგუფური დაპირისპირებები, მათ შორის ბრალდებულსა და მსჯავრდებულს შორის. კანონის შესაბამისად, ბრალდებულები და მსჯავრდებულები უნდა განთავსდნენ განცალკევებით და არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ერთმანეთთან.

“არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობა, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა კანონმდებლობის მიხედვით უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. სასჯელის მიზანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაციის უზრუნველყოფა და არა მისი დასჯა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვნებმა სასჯელი უნდა მოიხადონ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში; არ უნდა ხორციელდებოდეს მათი გადაყვანა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განუსაზღვრელი ვადითა და დასაბუთების გარეშე, რადგან აღნიშნული მნიშვნელოვნად აფერხებს რეაბილიტაციის პროცესს და ეწინააღმდეგება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესებს,” – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი