ახალი ამბები

ოპოზიცია აშშ-ს მაღალჩინოსანთან შეხვედრის დეტალებზე

19 ოქტომბერი, 2011 • • 893
ოპოზიცია აშშ-ს მაღალჩინოსანთან შეხვედრის დეტალებზე
ოპოზიციის წარმომადგენლებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უილიამ ბერნსსა და ამერიკის ელჩ, ჯონ ბასთან შეხვდრაზე ქვეყნის საგარეო და საშინაო საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მათ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის საკითხზეც ისაუბრეს.

ამის შესახებ დღეს სასტუმრო ”მარიოტში” შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ამცნეს ჟურნალისტებს.

”რესპუბლიკური პარტიის” წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და, კერძოდ, ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას შეეხო.

”საუბარი იყო მედიაზე, საარჩევნო კოდექსზე, ბატონი ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენაზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთზე. განსაკუთრებით კი  ახალ საარჩევნო კოდექსსა და გარემოზე. ჩვენ მოვახსენეთ ბატონ ბერნსს არსებული ვითარების შესახებ, ანუ ის მდგომარეობა, რაც ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ წარმოიშვა. შეხვედრაზე ავღნიშნე, რომ ივანიშვილის გამოჩენა ხელს შეუწყობს ქართული პოლიტიკის გამოცოცხლებას და  ელექტორატის გაზრდას. მისგან განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ქართული მედიის საკითხმა და ასევე, არჩევნების თემამ. მან ხაზგასმით ისაუბრა 2012 წლის არჩევნების მნიშვნელობაზევ, რომელსაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას მან გამოკვეთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და შიდა პოლიტიკური საკითხები.   

”ვისაუბრეთ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარობაზე და ავღნიშნეთ, თუ როგორ შეიძლება გახდეს საქართველო შეთანხმებების ქვეყანა და არა წინააღმდეგობების, რასაც სააკაშვილის რეჟიმი თამაშობს. ასევე ვისაუბრეთ იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ბატონ ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება და ამით გამოწვეულ სახელისუფლებო ექსტრემიზმზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს არა მარტო მის მიმართ, არამედ, ზოგადად, ოპოზიციური სპექტრისა და ოპოზიციური აზრის წინააღმდეგ,” – აცხადებს ალასანია.

შეხვედრაზე კონფლიქტურ რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება პარტია ”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.

”მე გუშინ მთელი დღე გავატარე ქართული ზონის კონფლიქტურ სოფლებში, კონკრეტულად კი, ქარელის რაიონში, რომელიც  უშუალოდ ესაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიას. სოფელ დვანში ჩემი იქ ყოფნის დროს რუსმა სამხედროებმა საკუთარი მამულიდან კიდევ ერთი ქართველი, 33 წლის ახალგაზრდა კაცი სოსო ხეთაგური გაიტაცეს. წინასწარი მონაცემებით, ის ახლა ცხინვალშია გადაყვანილი.
შესაბამისად, ჩემი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნეოვანი თემა ბატონ ბერნსთან  ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ გარშემო რეგიონში შექმნილ მდგომარეობას შეეხო.  ამ საკითხზე გავუზიარე ჩემი შეხედულებები, განვუმარტე, თუ რამდენად ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა იქ, ადგილზე და მას ვთხოვე აღნიშნული საკითხით დაინტერესება და მასში ჩარევა. ასევე დიდი მადლობა გადავუხადე აშშ-ს, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, იმისთვის, რომ მხარს უჭერს სეპარატისტული რესპუბლიკების არაღიარების პოლიტიკას,” – განუცხადა თარგამაძემ “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხებიც.  

”ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ხელისუფლების განზრახვაზე, რომელიც აპირებს მიიღოს კანონი, რომლის თანახმადაც სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა შესაძლებელი გახდება. მე ვთხოვე მას, რომ ამერიკის მთავრობამ გაამახვილოს ამ საკითხზე ყურადღება, რაზეც მისგან დადებითი პასუხი მივიღე,” – განაცხადა თარგამაძემ.

შეხვედრაზე მყოფი სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ”ქრისტიან-დემოკრატებმა”  აშშ-ს მაღალჩინოსნის წინაშე ბიძინა ივანიშვილის საკითხზეც ისაუბრეს.   

”მიუხედავად ივანიშვილსა და ჩვენ შორის არსებული უთანხმოებებისა, რომელიც, სხვათა შორის,  ჩვენ მიერ არაა ინიცირებული და ეს სრულიად გაუგებარი თავდასხმის შედეგია ბატონი ივანიშვილის მხრიდან, ქრისტიან– დემოკრატები სრულიად მიუღებლად მივიჩნევთ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ბატონ ივანიშვილის მიმართ.  სრულიად ნათელია ხელისუფლების აგრესიული ტაქტიკა, რომელიც  ორიენტირებულია ივანიშვილის პროვოცირებაზე, რომ მან ასევე საპასუხო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ხელისუფლება ცდილობს ივანიშვილი გადმოიყვანოს იმ მოედანზე, სადაც ხელისუფლება კარგად გრძნობს თავს  და სადაც მისი უპირატესობები არაერთხელ დამტკიცდა ბოლო წლების განმალობაში. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ივანიშვილი თავის ადგილს იპოვოს პოლიტიკაში და ეს გააფართოებს კონკურენციის შანსებს. ქვეყანა არ უნდა წავიდეს ორ პოლუსს შორის რადიკალიზაციის გზით, არამედ უნდა მივიღოთ რეალური საარჩევნო პროცესი, რომელიც ქვეყანაში გააჩენს ბევრ სხვა კონკურენტულ ძალას. აღნიშნული საკითხი ბატონ ბერნსთან აქტიურად განვიხილეთ” – აღნიშნავს თარგამაძე.

ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შედგა, დავით გამყრელიძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ალასანია, გიორგი თარგამაძე და კახა შარტავა დაესწრო.

უილიამ ბერნსი საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი