ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი ბერას შესახებ

19 ოქტომბერი, 2011 • • 1358
გარემოს დაცვის მინისტრი ბერას შესახებ

„აგრესიული ჩლიფინა რეპი“ – ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ ფეისბუქში საქართველოს გარემოს დაცვის მინსიტრმა გოგა ხაჩიძემ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შვილ, მომღერალ ბერასთან დაკავშირებით.

მინისტრი გოგა ხაჩიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის გდაწყვეტილებას სოციალურ ქსელში 12 ოქტომბერს გამოეხმაურა:

„ბენ ლადენი, ბოლო წლებში აუდიო მიმართვებს მაინც აგზავნიდა…
გურამ პეტრიაშვილი, ვიდეო ფორმატში იმას გვპირდებოდა, რომ სრულიად აუთვისებელ ფორმატში (მოლანდების) შეგვხვდებოდა…
ზორო რომ ზოროა (გამოგონილი პერსონაჟი), ისიც კი Z-ს ფხაჭნიდა სადმე კედელზე…
რა უბედურებაა ეს წერილები?!…“ – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

ბიზნესმენის პოლიტიკაში წასვლის შესახებ მინისტრი შემდეგ დღეებშიც წერდა: „სხვათა შორის დედამ სულ რაღაც 10 წუთის წინ გამახსენა, რომ თურმე ბავშვობაში ძალიან მომწონდა, როდესაც მეზობლის რომელიმე ბავშვი შეცდომით ბიძინას დამიძახებდა გოგას მაგივრად… უფრო ბ-ნო ბიძინა, პარაპლანით დავფრინავ კიდევ, ასე რომ უხმაურო საჰაერო დაზვერვაც შემიძლია შემოგთავაზოთ… აა კვერცხს ვწვავ კიდევ გადასარევად… :)“ – გარემოს დაცვის მინისტრმა ეს უკვე ფეისბუქზე, ბიძინა ივანიშვილს არაოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მინისტრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 12 ოქტომბერს კვლავ დაწერა შემდეგი შინაარსის სტატუსი:

„ვაცხადებ კონკურსს, სტროფების დამთავრებაზე: 1. ბევრმა როდესაც იძინა, შენ არ გეძინა …… 2. კლიენტმა ფასი იძვირა, ფული ასესხა …….“

ყოფილმა მომღერალმა და ამჟამად მინისტრმა ხაჩიძემ რჩევები ასევე ფეისბუქის საშუალებით მისცა ბიძნა ივანიშვილის მომღერალ შვილს: „ჩემო ბერა, (სტილს ვიცავ) ჩემი კონტაქტების გამო ზუსტად ვიცი რას ფიქრობდნენ და რას ლაპარაკობდნენ შენს მუსიკალურ მონაცემებზე და განსაკუთრებით შენს “რეპერობაზე” ქართველი რეპერები და ის ხალხი რომლებიც შენთან მუშაობდნენ აქ საქართველოში(საზღვარგარეთის ინფორმაციები არ მაქვს) მე მგონი ჯობია სოულს მიაწვე..“

მინისტრმა ბერა ივანშვილის ახალ სიმღერას, რომელიც მომღერალმა რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავებულ თავის მეგობარს მიუძღვნა, „რეპად“ გადმოცემული ორღობის ამბები“  უწოდა. თავად გოგა ხაჩიძე  კლიპის, „მიშა მაგარიას“ ავტორია.

გოგა ხაჩიძის მოსაზრებებს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით ფეისბუქშივე ეხმაურებიან ბერას თაყვანისმცემლები, რომლებიც მინისტრს მომღერლის კრიტიკას უწუნებენ. დებატებს მინისტრი ხაჩიძე პასუხობს: „დებატები ჩემს გვერდზე :) “ქართულ ოცნებას”-ა და “ქართულ რეალობა”-ს შორის :)„

ფეისბუქის მომხმარებლების უარყოფით დამოკიდებულასთან დაკავშირებით მინისტრმა დაწერა: „მე აზრი გამოვთქვი ცუდი სიმღერის ცუდად შესრულებაზე.“

გოგა ხაჩიძემ ცოტა ხნის წინ ასევე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილისა და სხვადხვა მსახიობის ფოტოები წარწერით „აღმოაჩინე ბიძინა.“

მინისტრის აქტიურობას ფეისბუქზე ერთ–ერთმა მომხმარებელმა გიორგი მგელაძემ ასე უპასუხა: „მეგონა სამუშაო საათებში მინისტრები თავაუღებლივ მუშაობდნენ, თურმე დროს როგორ კლავენ. არადა ჩემი თითქმის ყველა რესპოდენტი ჩივის მოქალაქეების მიღება აღარ აქვთ ჩინოვნიკებსო, არ სცალიათო :(„

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები მასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ.  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ნეტგაზეთის ჟურნალისტის კითხვებს პარლამენტში არ უპასუხეს და გაისტუმრეს კომენტარით – „გახადეთ ესეც თემა.“ ივანიშვილთან დაკავშირებით წარმოქმნილ კითხვებს პასუხი არც  საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემა გასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი