ახალი ამბებისაზოგადოება

კაცის თქმით, საყურის ტარების გამო შეურაცხყოფა მიაყენეს

27 აპრილი, 2016 • 1573
კაცის თქმით, საყურის ტარების გამო შეურაცხყოფა მიაყენეს

ლევანის [სახელი პირობითია] თქმით, 26 აპრილს, გვიან ღამით, გლდანის პირველ მიკრორაიონში მას და მის მეგობრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საყურის ტარების გამო.

ლევანმა “ნეტგაზეთს” უამბო, რომ ის და მისი ორი მეგობარი გლდანში მიდიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ნაცნობი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რატომ  ატარებდა საყურეს. ლევანის თქმით, მეგობარმა უპასუხა, რომ ეს მისი საქმეა, რის შემდეგაც მეგობრის ნაცნობმა მათ უთხრა, რომ “ქართველ კაცს საყურე არ შეეფერება.”

ლევანის თქმით, შემდეგ თავად მასაც ჰკითხა, რატომ ატარებდა საყურეს, მანაც იგივე უპასუხა, რომ ეს მისი საქმეა. ამის შემდეგ მეგობრის ნაცნობმა ნიკაპთან ხელი დაარტყა.

ლევანი ამბობს, რომ შემდეგ მიუტრიალდა მეორე მეგობარს, რომელსაც საყურე არ ეკეთა, და იმავე თემაზე დაუწყო საუბარი. მოქალაქის თქმით, მისმა მეგობარმა უთხრა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაიკეთებს თუ არა საყურეს. ამას მოჰყვა უცნობის მხრიდან იმ კაცების გინება, ვისაც საყურე უკეთია, და მასაც ხელი დაარტყა.

ლევანის თქმით, მათ პრინციპულად არ უპასუხეს აგრესიით და პოლიციას გამოუძახეს, რის შემდეგაც უცნობი, რომელიც, მათი თქმით, მთვრალი იყო, გაიქცა.

“ნეტგაზეთს” პოლიციაში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 125-ე მუხლის მიხედვით, ხოლო პირი დადგენილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი