ახალი ამბები

ივანიშვილთან ინტერვიუს დღეს ქართველი ჟურნალისტი ჩაწერს

19 ოქტომბერი, 2011 • • 935
ივანიშვილთან ინტერვიუს დღეს ქართველი ჟურნალისტი ჩაწერს

დღეს, 19 ოქტომბერს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მხოლოდ ერთ ქართულ მედიასაშუალებას მიეცემა, თუმცა რომელს, ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბიზნსმენის  მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ ბიგვავამ განუცხადა.

მრჩეველის თქმით, ინტერვიუს ჩაწერის საკითხი ამ ეტაპზე გარკვეულია და სხვა მედიასაშუალებები ინტერვიუს ჯერ ვერ ჩაწერენ. ბიძინა ივანიშვილმა პირველი ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო “როიტერსს” მისცა. თავიდან კი მან სამ ქართულ ტელეარხს, “პირველ არხს”, “იმედს” და “რუსთავი 2–ს”, შესთავაზა საკუთარი ბიზნეს–ცენტრიდან პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში ჩართვა. მისი ეს პირობა არც ერთმა მაუწყებელმა არ მიიღო. “პირველი არხის” ხელმძღვანელობამ მას ნებისმიერ ტოქ–შოუში ეთერის დათმობა შესთავაზა ერთი პირობით – ბიზნესმენი გადაცემის სტუდიაში უნდა მისულიყო, რაზეც ივანშვილმა უარი განაცხადა. პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში ჩართვა მიუღებელი ფორმატი აღმოჩნდა ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2–თვისაც”. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიებმა “კავკასიამ” და “მაესტრომ” მას ნებისმიერ ფორმატში პირდაპირი ეთერი შესთავაზეს, ბიძინა ივანიშვილი შეთავაზებას არ გამოეხმაურა. ბიძინა ივანშვილთან ინტერვიუს ჩაწერის და მისი პრესკონფერენციის ონლაინ– რეჟიმში ჩვენები სურვილი ოფიციალურად გამოთქვა “ნეტგაზეთმაც”, თუმცა, ჯერეჯრობით, უშედეგოდ.

დღეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მილიარდერი ბიზნესმენი ინტერვიუს ქართულ მედიასაშუალებას მისცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი