საქართველოში ნაწილობრივ თავისუფალია პრესა – Freedom House-ის 2016 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი

Freedom House-ის 2016 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია 49 ქულით. ინდექსის მიხედვით 0 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 100 – ყველაზე ცუდი.

Freedom House-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს აქვს თავისუფალი პრესა, სადაც პოლიტიკური ახალი ამბების გაშუქება უსაფრთხოა, ჟურნალისტები და მედია – დაცული, ხოლო პრესა არ განიცდის სამართლებრივ თუ ეკონომიკურ ზეწოლას.

მსოფლიოს მოსახლეობის 41%-ს აქვს ნაწილობრივ თავისუფალი პრესა და 46% ცხოვრობს სრულად არათავისუფალ მედიაგარემოში.

კავკასიის რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი პრესის თავისუფლების კუთხით აქვს აზერბაიჯანს (89 ქულა, არათავისუფალია პრესა). საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანის შემდეგ ყველაზე უარესი ვითარებაა რუსეთში (83 ქულა, არათავისუფალია პრესა), მას მოსდევს თურქეთი (71 ქულა, არათავისუფალია პრესა) და სომხეთი (63 ქულა, არათავისუფალია პრესა).

საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებს შორისაც, სადაც უკრაინას 53 ქულა აქვს მინიჭებული (ნაწილობრივ თავისუფალია პრესა), მოლდოვას – 56 ქულა (ნაწილობრივ თავისუფალი), ბელარუსს – 91 ქულა (არათავისუფალია პრესა).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მაია მეცხვარიშვილი, რედაქტორი 2010 [ოქტომბერი] -2017 [დეკემბერი] წლებში.