ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნები რიგგარეშეს გარეშე

18 ოქტომბერი, 2011 • • 1108
საპარლამენტო არჩევნები  რიგგარეშეს გარეშე
როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და  არსებობს თუ არა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის წინაპირობები?  

საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში ჩატარდება, რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება.  

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხ ოქტომბერს ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა, რომ 2012 წლის 26 მაისს ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობაში ჩატარდება პირველი სხდომა.

პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში არაორაზროვანი შეფასებები მოჰყვა. ერთმა ნაწილმა ეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია, მეორე მხარე კი ქვეყანაში შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე ალაპარაკდა.

ამ უკანასკნელის შესახებ ქართული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერით გააცნო საზოგადოებას.

მან აღნიშნული საკითხი ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოულოდნელ გამოჩენას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს დააჩქარებდა, რასაც საბოლოოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოყვებოდა.

თუმცა ხელისუფლებამ სრულიად გამორიცხა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.

პარლამენტის ვიცე–სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. არჩევნები ახალი საარჩევნო კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ ჩატარდება.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ თავი შეიკავა ამ საკითხზე ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან.

“ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ნაცნობია. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას გამორიცხავს და არჩევნების კონკრეტულ პერიოდსაც ასახელებს არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე ნინო ლომჯარია.

“ჩვენ, არასამთავრობოები, შევხვდით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პალიკო კუბლაშვილს და პირადად მას მაშინ დავუსვით ეს შეკითხვა. მან გვითხრა, რომ  რაიმე ცვლილება არჩევნების თარიღში გამორიცხულია და არჩევნები ჩატარდება 2012 წლის ოქტომბერში. აქედან გამომდინარე, ეს არის ის ოფიციალური ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლომჯარიამ.  

საპარლამენტო არჩევნების პერიოდად ასევე ოქტომბერს მიიჩნევს “ახალი მემარჯვენეების” ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე.

“ჩემი დაკვირვებით, არანაირ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე საუბარი არ არის. მიმაჩნია, რომ  მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში ჩატარდება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” კაციტაძემ.

დაირღვევა თუ არა პარლამენტის რეგლამენტი და საქართველოს კონსტიტუცია იმ შემთხვევაში, თუ 26 მაისს  პარლამენტის სხდომა ქუთაისში ჩატარდება?

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის III თავის მე–4 მუხლში აღნიშნულია, რომ პარლამენტის ამჟამინდელი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი –  თბილისი.

კანონში ასევე ხაზგასმულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს, რასაც მოცემული თანამიმდევრობით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი,  პარლამენტი  (დადგენილებით),  პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის წევრთა საინიციატივო ჯგუფი წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედით.

მამუკა კაციტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქუთაისში აღნიშნული სხდომა ოფიციალური ხასიათის არ იქნება, მაშინ არაფერი დაირღვევა.

“ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, სანამ ახალი პარლამენტი არ აირჩევა, პარლამენტის ოფიციალური სხდომა, ბუნებრივია, მხოლოდ საქართველოს დედაქალაქ თბილისში უნდა ჩატარდეს და ამ შემთხვევაში ყველანაირი გასვლითი სხდომა კონსტიტუციით იკრძალება. თუ ახალი პარლამენტის შენობაში ჩატარდა ოფიციალური შეხვედრა, სადაც  ქვორუმი უნდა დაფიქსირდეს, რეგისტრაცია უნდა გატარდეს და კანონების განხილვა მოეწყოს, მაშინ, ბუნებრივია, ეს იქნება არა პარლამენტის რეგლამენტის, არამედ კონსტიტუციის დარღვევაც. იმიტომ, რომ კონსტიტუციაში დღეს მოქმედი მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი თბილისია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 26 მაისი სამოქალაქო უქმე დღეა. სამოქალაქო უქმეების დროს ოფიციალური სხდომის ჩატარება აკრძალულია კანონმდებლობითაც. ასევე ეს მუხლიც დაირღვევა, თუ ამ დღეს ოფიციალური სხდომა ჩატარდა,” – აღნიშნავს კაციტაძე.

თუმცა აქვე დასძენს, რომ 26 მაისს ქუთაისის ახალი შენობის გახსნა სიმბოლური სხდომით აღინიშნება.  

“ჩემი ინფორმაციით, 26 მაისს ქუთაისში საქართველოს ახალი პარლამენტის შენობა გაიხსნება და ეს მოხდება რაღაც სიმბოლური სხდომით, თუ “ტაშ–ფანდურით,” როგორც სააკაშვილს სჩვევია, რომელიც ნამდვილად ვერ ჩაითვლება პარლამენტის ოფიციალურ სხდომად,” – განაცხადა კაციტაძემ.

 პარლამენტის შენობის პროექტი
პარლამენტის შენობის პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი