ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს ბაიდენმა და კვირიკაშვილმა

27 აპრილი, 2016 • 1390
რა საკითხები განიხილეს ბაიდენმა და კვირიკაშვილმა

“აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის გასულ 25 წელზე, ეს გახლდათ 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის შემდეგ 25 წელზე, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა მომავალში”, – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პარტნიორობა აშშ-თან და საჭიროა ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

“ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაფართოოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, როგორ გავაფართოოთ ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და სიღრმე. ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და საინტერესო დიალოგი შედგა. ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობაზე და, რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მისი პრესსამსახურის ცნობით, “შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა”.

“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ ევროატლანტიკური კურსის ერთგულია.

ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და შემდგომ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღინიშნა, რომ მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარება.

ლიდერებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები, ასევე, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.

მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გლობალური უსაფრთხოების თემები. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და ქართველი ხალხის სიმამაცეს”, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საუბარი პირისპირ ფორმატში გააგრძელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი