ახალი ამბები

გიორგი ტუღუში გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის წევრად აირჩიეს

18 ოქტომბერი, 2011 • 930
გიორგი ტუღუში გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის წევრად აირჩიეს

გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრად, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს წარმომადგენელი, სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დაინიშნა.

ომბუდმესნის ოფისს გიორგი ტუღუშის აღნიშნული კომიტეტის წევრობასთან რაიმე განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

როგორც სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, გიორგი ტუღუში ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გაავრცელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 18 ოქტომბერს, გაავრცელა.

“2011 წლის 18 ოქტომბერს ქ. ჟენევაში, შვეიცარია, წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის მონაწილე ქვეყნების მე-13 შეხვედრაზე გაიმართა წამების წინააღმდეგ კომიტეტის (Committee against Torture) 5 ახალი წევრის არჩევნები. საქართველოს მიერ წარდგენილი გახლდათ საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენი), გიორგი ტუღუშის კანდიდატურა. არჩევნებში 97 ხმის მიღების შედეგად, საქართველოს კანდიდატურა არჩეულ იქნა წამების წინააღმდეგ კომიტეტის წევრად 2012-2015 წლების ვადით. კომიტეტში ასევე არჩეული იქნა ჩილეს (111 ხმა), მავრიტიუსის (105 ხმა), ამერიკის შეერთებული შტატებისა (82 ხმა) და სენეგალის (72 ხმა) კანდიდატურები.

წამების წინააღმდეგ კომიტეტი 10 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და მონიტორინგს უწევს წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის იმპლემენტაციას კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს კანდიდატურის წარმატებას და მადლობას უხდის კონვენციის მონაწილე ყველა ქვეყანას მხარდაჭერისთვის”, –ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი