ახალი ამბები

როდის გაიხსნება განახლებული აღმაშენებლის გამზირი

18 ოქტომბერი, 2011 • 1199
როდის გაიხსნება განახლებული აღმაშენებლის გამზირი

განახლებული აღმაშენებლის გამზირი, რომლის რეკონსტრუქცია დაახლოებით ორი წელია მომდინარეობს, მშენებლობებში ჩართული მუშების თქმით, მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციის” რვა წლისთავზე გაიხსნება. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ თბილისის მერიაში.

“ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ 23 ნოემბრისთვის ყველაფერი დამთავრებული იყოს და გაიხსნას. ასეთია მითითება და უნდა შესრულდეს”, –ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში აღმაშენებლის გამზირზე გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებული ერთ–ერთი მუშა.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, აღმაშენებლის გამზირი არა 23 ნოემბერს, არამედ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება.

აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ”თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის, გიორგი საბანაძის თქმით, შენობებს საძირკვლები გაუმაგრეს, სახურავები გამოუცვალეს და განუახლეს ფასადები.

”მოხდება მანქანების მოძრაობის რეგულირება, რომ არ მივიღოთ იგივე სურათი, რაც აქამდე არსებობდა. გადავხედავთ ტრანსპორტის მოძრაობის სქემებს, ასევე, პარკირების ადგილებს. მთლიანად შეიცვალა საკანალიზაციო ქსელი და შიდა წყალგაყვანილობა. აშენდა სანიაღვრე კოლექტორი, რომელიც არ ყოფილა გამზირის მთელი არსებობის განმავლობაში.  სწორედ მოუწესრიგებელი მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო ძირითადი მიზეზი ამ შენობების ავარიულობისა”, – ამბობს საბანაძე.

ამ დროისთვის აღმაშენებლის გამზირზე განახლებულია „სოკოს ბაღი“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერი.

აღმაშენებლის  გამზირის მცხოვრებლები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას მოუთმენლად ელიან. გარდა იმისა, რომ აქ საავტომობილო გზები გადაკეტილია, დისკომფორტს ქმნის მტვერი და ქვიშა. ამ ქუჩაზე განლაგებულ ზოგიერთ მაღაზიას სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, როგორც იქ მომუშავე გამყიდველები აცხადებენ, პრობლემები შეექმნა: ”მყიდველები აღარ შემოდიან. ამიტომ ბევრი მაღაზია სხვაგან გადავიდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი