ახალი ამბები

იანუკოვიჩის ვიზიტი ბრიუსელში ევროკავშირის ინიციატივით გადაიდო

18 ოქტომბერი, 2011 • • 1032
იანუკოვიჩის ვიზიტი ბრიუსელში ევროკავშირის ინიციატივით გადაიდო

 

მიმდინარე კვირას ბრიუსელში დაგეგმილი იყო უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებით გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის დროს გამოვლენილი სასამართლო სტანდარტებია.

 

საინფორმაციო სააგენტო ”როიტერსი” საკითხთან დაკავშირებით ავრცელებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის,  კეტრინ ეშტონის წარმომადგენლის განცხადებას: ”შემიძლია დავადასტურო, რომ შეხვედრა გადაიდო იმ დროისთვის, როცა პირობები გახდება უფრო ხელშემწყობი ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესის მისაღწევად.”

ევროპაში ვიზიტისას ვიუქტორ იანუკოვიჩი უდნა შეხვედროდა ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზოს და  ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა პრეზიდენტს ჰერმან ფონ რუმპის.

კეტრინ ეშტონის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი იმიტომ გადაიდგა, რომ ხაზგასმით აღინიშნოს უკრაინის საჭიროება, ”რათა მიაღწიოს პროგრესს კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში.”

უკრაინისადმი დასავლეთის ნეგატიური დამოკიდებულება ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს გასამართლების შემდეგ გაიზარდა. კიევის პეჩორის სასამართლომ უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ 11 ოქტომბერს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის, რომელიც 2009 წელს რუსეთთან ბუნებრივი აირის საკითხზე  ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა.  ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულ სასამართლო პროცესის დადებითად დასრულებას თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდნენ აშშ–სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ვერდიქტამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 10 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინა და ტიმოშენკოს დაგეგმილი სასამართლო პროცესი განხილვის მთავარი საკითხი იყო.

მინისტერიალზე კიდევ ერთხელ  ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტიმოშენკოს საქმის გამო უკრაინასთან ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღწეული შეთანხმებები ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის უზრუნველყოფის შესახებ რისკის ქვეშაა.

ჯერ კიდევ  26 სექტემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუკი უკრაინა არ გადახედავს ტიმოშენკოს საკითხს, ევროკავშირის და უკრაინის ურთიერთობა ძველებური ვეღარ იქნება.  სიკორსკის განცხადებით, ორ თვეში უკვე მზად იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დოკუმენტი, რომელსაც მხარეები განიხილავენ და თუკი უკრაინა დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს დემოკრატიასთან დაკავშირებით, ხელი მოეწერება.

მასალების გადაბეჭდვის წესი