ახალი ამბებისაზოგადოება

რას ითხოვენ დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის წევრები?

26 აპრილი, 2016 • 1329
რას ითხოვენ დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის წევრები?

თბილისის ფილარმონიიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართულებით დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობის მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ, თუმცა მათმა უმრავლესობამ ჯგუფის შეკრების არც მიზეზისა და არც სამომავლო გეგმების შესახებ იცოდა.

მსვლელობის მონაწილეები ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ნადარეიშვილის განცხადებით, სტუდენტური მოძრაობა ახალია და სტუდენტებმა ჯერ კარგად არ იციან მისი სამოქმედო გეგმის შესახებ, ამიტომ თავს არიდებენ, კომენტარი გააკეთონ.

“აქ ვინც შეიკრიბა, ძირითადად ფესიბუკის “ივენთის” დახმარებით მოვიდნენ. ფეისბუკის ჩვენს გვერდზე სტუდენტებისათვის ყველაფერი განმარტებულია. არ ვიცი, რატომ არ აკეთებენ კომენტარს,” – ამბობს თამარ ნადარეიშვილი.

ნადარეიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი ჯგუფის მთავარი მოთხოვნა საერთო სტუდენტური პლატფორმის შემქნაა, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის პროცესში ჩაერთვება. მისი თქმით, მსვლელობა აქტიური კამპანიის პირველი ნაბიჯი იქნება.

“მსვლელობა – ეს არის აქტიური კამპანიის დასაწყისი, რომ [განათლების] რეფორმირების პროცესში თანაბრად იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენი მოთხოვნები და გეგმები ნელ-ნელა მუშავდება.”

მისივე განცხადებით, ე.წ. ოდეერების საკითხი თავად უნივერსიტეტების გადასაწყვეტია, მართვისთვის საჭირო ყველა ორგანო კი უნივერისტეტში უნდა დარჩეს.

მსვლელობაში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ტექნიკური და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტები და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის იყვნენ სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საკუთარი სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით შეიკრიბნენ და თვითმმართველობებში მოსალოდნელ ცვლილებებს არ უჭერენ მხარს.

“გვითხრეს, რომ თვითმმართველობის დაფინანსება შეიძლება შემცირდეს. კიდევ სხვა ცვლილებებიც შეიძლება მოხდეს უნივერსიტეტში, ამიტომ მოვედით.”

მსვლელობას საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფით თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა შეუერთდა.

“სრულიად ვიზიარებთ ამ სტუდენტების შეხედულებებს და სწორედ ამიტომ ვუერთდებით. ჩვენც მიგვაჩნია, რომ საერთო სტუდენტური ჩართულობა უნდა იყოს.  სტუდენტების პრობლემები არ არის 60-80 კაცის გადასაწყვეტი. ეს მსვლელობა კანცელარიასთან დასრულდება. ეს არის აზრის დაფიქსირების მშვიდობიანი მცდელობა და ეს არ ემსახურება რაღაც კანონდარღვევებს, კორპუსების პიკეტირებას და ა.შ,” – აცხადებს თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური.

მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა, სადაც სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი დატოვეს:

“დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობის თქვენდამი მომართვის მთავარი საფუძველი, ყველასათვის უკვე კარგად ცნობილი, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში განვითარებული მოვლენებია, რომლებმაც, ერთი მხრივ, წარმოაჩინეს რეფორმების აუცილებლობა განათლების სფეროში, მეორე მხრივ კი, გარკვეული ზეგავლენა მოახდინეს სტუდენტური ცხოვრების მიმდინარეობაზე.

მიგვაჩნია, რომ სტუდენტური საზოგადოების ხედვა ვერ იქნება სრულყოფილად წარმოდგენილი მხოლოდ ერთი სტუდენტური ჯგუფის მიერ ინიცირებული საკითხების განხილვით, საჭიროა ყველა სტუდენტური ორგანიზაციის, საინიციატივო ჯგუფისა თუ ლეგიტიმური ორგანოს მაქსიმალური ჩართულობა პროცესის დემოკრატიზაციის ხელშეწყობისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, რაზეც სახელმწიფომ გამოხატა მზადყოფნა და დღეიდან ვაცხადებთ საყოველთაო სტუდენტური კამპანიის წარმოების დასაწყისს, რომლის მთავარი მიზანი იქნება ყველა სტუდენტური ჯგუფის მოთხოვნის თავმოყრა და რეფორმის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე სტუდენტური ორგანიზაციების ინტერესების გატარება.

ჩვენ მიერ დაგეგმილი მასშტაბური კამპანიის უმათავრეს მიზანს წარმოადგენს, მოვიტანოთ თქვენამდე სრულიად სტუდენტური საზოგადოების ხედვა, განწყობები, კონკრეტული ინიციატივები და ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით გულწრფელი გულისტკივილიც კი, რომელსაც აქვს ობიექტურად არსებობის საფუძველი და არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, პირიქით, პოზიტიური მუხტის მატარებელია და შეუძლია რეალური სურათის ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა.”

წერილი კანცელარიაში სტუდენტთა ჯგუფის წარმომადგენელმა მარიამ თევზაძემ მიიტანა. ჯგუფის წევრები გიორგი კვირიკაშვილის პასუხს ელოდებიან.

“ჩვენ გვინდა, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში არ იყოს მხოლოდ ერთი ჯგუფი ჩართული. “ერთ ჯგუფში” არ მოიაზრება მხოლოდ აუდიტორია #115. საქართველოში არსებობს უამრავი “აუდიტორია”,” – აცხადებს თევზაძე.

დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის წევრებმა არ ისურვეს იმის შესახებ საუბარი, თუ რას მოიმოქმედებენ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში. ჯერ უცნობია, როდის და რა სახით განაახლებს მათი მოძრაობა საქმიანობას და როგორ წარიმართება დაწყებული კამპანია.

დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის მსვლელობა. 26.04.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის მსვლელობა. 26.04.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის მსვლელობა. 26.04.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის მსვლელობა. 26.04.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის მსვლელობა. 26.04.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის მსვლელობა. 26.04.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის მსვლელობა. 26.04.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დამოუკიდებელ სტუდენტთა ჯგუფის მსვლელობა. 26.04.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი