ახალი ამბებისაზოგადოება

მძღოლების აქცია თბილისში კომპანია “მეტროს” წინააღმდეგ და ერთი დაკავებული [ფოტო]

26 აპრილი, 2016 • 2288
მძღოლების აქცია თბილისში კომპანია “მეტროს” წინააღმდეგ და ერთი დაკავებული [ფოტო]

თბილისში, ორთაჭალის ცენტრალურ ავტოსადგურთან დღეს გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციის დაუმორჩილებლობა) დააკავეს. ინციდენტი პატრულის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მაშინ მოხდა, როცა მძღოლების ნაწილმა თურქული კომპანია “მეტრო საქართველოს” კუთვნილ ავტობუსს სადგურის დატოვების საშუალება არ მისცა და გზა გადაუკეტა. თავდაპირველად მძღოლების ნაწილმა “მეტრო ჯორჯიის” ავტობუსს გზა საკუთარი მიკროავტობუსებით გადაუკეტა. ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნის შემდეგ საკუთარი მაქანები გაწიეს, თუმცა ავტობუსის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

ორთაჭალის ცენტრალურ ავტოსადგურთან მძღოლებმა აქცია გამართეს 26.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ორთაჭალის ცენტრალურ ავტოსადგურთან მძღოლებმა აქცია გამართეს 26.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია “მეტროს”, რომელიც მგზავრების თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გადაყვანას უზრუნველყოფს, შიდა რეისებზე მონოპოლიის აღება სურს და საწყის ეტაპზე, ბათუმთან ერთად, რეისების ზუგდიდის მიმართულებით განხორციელებასაც გეგმავს. მძღოლების ინფორმაციით, აქცია მიმდინარეობდა ზუგდიდშიც.

ორთაჭალის ავტოსადგურთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ბესო თაქთაქიშვილის თქმით,  კონკურენციის პირობებში ვერ მოახერხებენ მუშობას და შემოსავალის ერთადერთ წყაროს დაკარგავენ. მისი თქმით, კომპანია “მეტრო” შიდა რეისებზე ქართველ მუშახელს თურქულით ანაცვლებს. მძღოლების თქმით, თურქული კომპანია “მეტრო ჯორჯიას” მანქანქანები განუბაჟებელია: “თუკი არ დაგვანებებენ თავს, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით შევიკრიბებით და გაფიცვას მოვაწყობთ” – ამბობს თაქთაქიშვილი.

“მეტრო ჯორჯიის” თბილისის განყოფილების მენეჯერის თქმით, მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და სრულად ქართველი მუშახელი ჰყავთ დასაქმებული. “ჩვენ დაახლოებით ორი წელია ვმუშაობთ თბილისი-ბათუმის რეისებზე. ფასიც სტაბილურია, დოკუმენტებიც წესრიგში გვაქვს. ჩვენ მომხმარებელს კომფორტულ მომსახურებას ვთავაზობთ. რაც შეეხება პროტესტს, ეს მათი უფლებაა და ვერავის დავუშლი ამას,” – ამბობს ირაკლი სირაძე.

"მეტრო ჯორჯიის" თბილისის განყოფილების მენეჯერი - ირაკლი სირაძე 26.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“მეტრო ჯორჯიის” თბილისის განყოფილების მენეჯერი – ირაკლი სირაძე 26.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქციას გამოეხმაურა ორთაჭალის ცენტრალური ავტოსადგურის გენერალური დირექტორიც. მისი თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, “ვინაა ეს ხალხი”. თეიმურაზ ჯავრიშვილი ამბობს, რომ თუ ვინმეს აქვს სურვილი ორთაჭალის ავტოსადგურში მუშაობის, სადგურის რესურსი აძლევს მას საშუალებას, ყველა დაასაქმოს და ამ აქციას პროგერესის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტად განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი