ახალი ამბები

ნიკა მელია: ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილმა ბიზნესცენტრს მიუერთა

26 აპრილი, 2016 • 2181
ნიკა მელია:  ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილმა ბიზნესცენტრს მიუერთა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ცნობით, “ბიძინა ივანიშილთან დაკავშირებულმა კომპანიამ “ფინსერვის XXI” ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის 4 ჰექტარი მიიერთა”. მელიას ცნობით, სწორედ ამ კომპანიაზეა რეგისტრირებული ივანიშვილის კუთვნილი ბიზნეს-ცენტრი, რომელსაც ექსპრემიერი კომპანიისაგან ქირაობს.

ნიკა მელიამ დღეს საკრებულოს “ნაციონალ” წევრ ირაკლი აბესაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მეორე ინფორმაციაც გახადა საჯარო, რომელიც ასევე ივანიშილს უკავშირდება:

“შარშან, წლის ბოლოს კრწანისი – შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში მოიჭრა 540 ხე და გაზსადენის მილის გადატანაში მერიამ 700 000 ლარი დახარჯა. აქ თითქოს არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა აფიორა.

დღეის მდგომარეობით ამ ტერიტორიაზე ( 29 ჰექტარი) ახალი გზა აღარ გავა. 22 აპრილს მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელიც 8 დღეში დასრულდება ( 3 მაისი) და აუქციონზე გაიყიდება სწორედ ის ტერიტორია, რომელზეც კრწანისი – შინდისის გზა უნდა გაშენებულიყო – ვინ იქნება მყიდველი, ადვილად პროგნოზირებადია! ეს 29 ჰექტარიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მდებარეობს და პრაქტიკულად ესაზღვრება ბოტანიკური ბაღისთვის წართმეულ იმ 4 ჰექტარს!

ამ წუთიდან ჩვენ 2 კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს:

1. ივანიშვილმა დააბრუნოს თბილისის ბოტანიკური ბაღის მიტაცებული ტერიტორია.

2. დღის განმავლობაში ნარმანიამ გააკეთოს საჯარო განცხადება, რის შედეგადაც იგი საზოგადოების წინაშე პირობას დადებს და გააუქმებს უკანონო გადაწყვეტილებებს!

დამატებით დეტალებს ხვალ/ზეგ გაცნობებთ ფბ და მედიასაშუალებებით! მე პირადად არ ვაპირებ შევეგუო ამ თავხედურ და დამცინავ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის გარშემო მთელი თბილისი გაერთიანდება!

პ.ს. ახლა უკვე ადვილი გასაგებია, თუ რატომ გაათავისუფლეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი…”, – წერს მელია ფეისბუკით გავრცლეებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთი კომენტარისთვის დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც ჯერ განცხადება არ კეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი