ახალი ამბები

ევროპარლამენტის კომიტეტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს მომხსენებლის ანგარიშის შემდეგ უყრის კენჭს

25 აპრილი, 2016 • 1256
ევროპარლამენტის კომიტეტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს მომხსენებლის ანგარიშის შემდეგ უყრის კენჭს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადების საკითხის განხილვა 25 აპრილს დაიწყო.

საკომიტეტო მოსმენა ევროპარლამენტში თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყო. დღეს კომიტეტს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი კენჭისყრაზე ჯერ არ გაუტანია.

საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას განმარტებით, რომელიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, კომიტეტზე პოზიტიურად შეაფასეს მიგრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა

“აღნიშნულ საკითხზე მომხსენებლის, მარია გაბრიელის შესავალი სიტყვა იყო ძალზე პოზიტიური. მან 2 საკითხის დაზუსტება სთხოვა მინისტრთა კომიტეტის წარმომადგენლებს: ა) რამდენ ადამიანს ეთქვა საქართველოდან ვიზის მიღებაზე უარი და ბ) როგორ მიდის საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის რეფორმა.

მინისტრთა კომიტეტის წარმომადგენლმა იქვე გასცა დამაჯერებელი პასუხი, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოს არც ერთ საკითხში არ აქვს ხარვეზი. ვიზის გაცემაზე უარის სტატისტიკა ჯდება საერთოდ სხვა ქვეყნების მაჩვენებლებში, ხოლო მიგრაციასთან დაკავშირებით პოზიტიურად შეფასდა როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა”, – განმარტა კორძაიამ.

პარლამენტარის თქმით, კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა უნდა მოამზადოს წერილობითი მოხსენება კომიტეტისათვის, რაც ასევე პროცედურებთანაა დაკავშირებული. მოხსენების მომზადებისა და წარდგენის ვადა განსაზღვრული არ არის.

ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარდგა. შესაბამისი დოკუმენტი უკვე ატვირთულია ევროკომისიის ვებგვერდზე. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რჩება რამდენიმე პროცედურა, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას (180 დღეში 90 დღის გატარების უფლებით) უვიზოდ შეძლებენ.

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური [სამოქმედო გეგმა] ნაწილი საქართველომ გასული წლის დეკემბერში დახურა. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო. ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლამდე რჩება შემდეგი ეტაპები:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას): საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი